მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებებზე?

ბექა ძამაშვილი

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა.

იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი რუსეთის მოთხოვნაზე საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ.

რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის არგამოყენების შეთანხმებისკენ მოუწოდებს

"შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე", - განაცხადა მან.

უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ასევე სტრასბურგის სასამართლოს მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელიც ქართველი სამხედროების - გიორგი ანწუხელიძის, უშანგი ხუბულურისა და ზაზა სოფრომაძის წამებასა და მკვლელობას შეეხებოდა.

"ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი და მოლაპარაკებების სახით გვაქვს საშუალება, მოვუწოდოთ მას განგრძობადი დარღვევების შეწყვეტისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ", - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები