მოსკოვში გამართულ სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მწვავე და პრობლემური საკითხები განიხილეს.
მოლაპარაკებების მთავარი თემა ენერგეტიკული დივერსიფიკაცია, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვა და უსაფრთხოების კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო. როგორც ირკვევა, ერევანი აქტიურად განიხილავს არსებული ატომური ელექტროსადგურის მოდულური სადგურებით ჩანაცვლებას, რაც მოსკოვში Росатом-ის პოზიციების შესუსტებად და დასავლელ პარტნიორებთან, კერძოდ კი, აშშ-სთან დაახლოების მცდელობად აღიქმება.
ლიდერებს შორის საუბრისას დღის წესრიგში სომხეთის რკინიგზის საკითხიც დადგა, რომელსაც 2008 წლიდან Russian Railways-ის შვილობილი კომპანია მართავს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსული მართვის პირობებში რეგიონული კავშირების განვითარების კუთხით ქვეყანამ კონკურენტული უპირატესობა დაკარგა. სომხეთის ლიდერის ცნობით, ბოლო წლებში სატვირთო ბრუნვა განახევრდა, ხოლო საინვესტიციო ვალდებულებები შეუსრულებელი დარჩა. პრემიერმა ღიად დააფიქსირა, რომ ერევანი აქტიურად განიხილავს სტრატეგიული მიმართულების ისეთი ალტერნატიული ქვეყნისთვის გადაბარებას, რომელიც როგორც სომხეთის, ისე რუსეთისთვის იქნება მისაღები.
ცნობისთვის, სომხეთის სარკინიგზო ქსელს ამჟამად "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" მართავს. ის კი Russian Railways-ს ეკუთვნის. ერევანში მიიჩნევენ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სახელმწიფო კონტროლზე დაბრუნება ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად არსებული სერიოზული უთანხმოებებისა, ფაშინიანმა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანის გავლით რუსული ტვირთების იმპორტის შესაძლებლობა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად გახდა შესაძლებელი.
ფაშინიანთან საუბრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით ერევნის მცდელობებს "მშვიდად ხვდება". თუმცა მან სომეხი კოლეგა გააფრთხილა, რომ ქვეყანა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროპული საბაჟო კავშირის წევრი ერთდროულად ვერ იქნება. "ეს შეუძლებელია თავისი განსაზღვრებით და ეს არ არის პოლიტიკური საკითხი - ეს წმინდა ეკონომიკაა", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მას ფაშინიანი მალევე გამოეპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ორი სხვადასხვა კავშირის წევრობა შეუძლებელია, სომხეთის ამჟამინდელი დღის წესრიგი ორივე მიმართულებასთან თავსებადია. მისი თქმით, ქვეყანა გააგრძელებს ამ ორი გზის შეთავსებას მანამ, სანამ ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება.
"რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, რომ ორ კავშირში წევრობა შეუძლებელია. მაგრამ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ და ის დღის წესრიგი, რომელიც გვაქვს, თავსებადია. ეს ფაქტია. და სანამ შესაძლებელი იქნება ამ დღის წესრიგების შეთავსება, ჩვენ ასეც მოვიქცევით. როდესაც ეს პროცესები მიაღწევს იმ ნიშნულს, სადაც გადაწყვეტილების მიღება გახდება საჭირო, ჩვენ - ანუ სომხეთის მოქალაქეები - მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში, ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ." - თქვა ფაშინიანმა
საუბრისას პუტინმა ყარაბაღის კონტექსტში ODKB-სთან დაკავშირებული კრიტიკაც განიხილა და აღნიშნა, რომ ალიანსი იმ ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტში ვერ ჩაერეოდა, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული.
პუტინის სიტყვებს სომხეთის პრემიერი მკაცრი პოზიციით შეხვდა. მან ODKB 2021-2022 წლებში სომხეთის სუვერენული ტერიტორიის დაცვაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. "ჩვენ ვერ ვუხსნით ჩვენს ხალხს, რატომ არ იქონია ორგანიზაციამ რეაგირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად", - აღნიშნა ფაშინიანმა. გარდა ამისა, მან უპასუხა პუტინის მინიშნებას სომხეთის არჩევნებში პრორუსული ძალების მონაწილეობის შესახებ და განმარტა, რომ ქვეყნის კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მხოლოდ სომხეთის პასპორტის მფლობელი შეიძლება იყოს, რაც რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პოლიტიკურ ამბიციებს პირდაპირ გამორიცხავს.
შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება, თუმცა ერევანი საკუთარი ენერგეტიკული და ლოგისტიკური სუვერენიტეტის დაცვას პრიორიტეტად მიიჩნევს.




























