მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრეს სანქციების აღსრულების მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ბიზნესთან შეხვედრაზე? - EBA-ს წარმომადგენელი

649c14d4c54a6
სალომე ხიდურელი
28.06.23 19:29
676
27 ივნისს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის დეტალებზე BMGTV-ს გადაცემა “საქმიან დილაში” ევროპული ბიზნეს ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ირინა საკიმ ისაუბრა. მისი თქმით,  განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმთავრესი რუსეთის მიერ საქართველოს გავლით სანქციებზე თავის არიდების პრევენცია იყო.

“ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, როგორ რეაგირებს ქართული ბიზნესი სანქციებზე. მთავარი შეკითხვა ის იყო, როგორ ახდენს საქართველო პრევენციას და აკონტროლებს კომპანიებს, თავი არ აარიდონ სანქციებს. ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს გადაწყვეტილებას, დარჩეს ნეიტრალური, ასევე პატივს ვცემთ იმ ძალისხმევას, რომელსაც ქვეყანა იჩენს”, - განაცხადა ირინა საკიმ.

ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში განხორციელებული ტრანზაქციები მკაცრად კონტროლდება და სრული სისტემა გამჭვირვალეა.

“რაც შეეხება ფინანსურს საკითხს, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეროვნული ბანკი ძალიან კარგად აკონტროლებს თითოეულ ტრანზაქციას, ასევე ყველა ბანკი და მთელი ფინანსური სექტორია ჩართული ამ პროცესში, რომ ნებისმიერი საეჭვო ტრანზაქცია აისახოს - იგივე ხდება მიკროსაფინანსო სექტორშიც, საკმაოდ გამჭვირვალე სისტემაა.

ასევე, აქამდე საქართველოდან საქონელი მწვანე დერეფნის გავლით გადიოდა, ახლა თითქმის 80% საბაჟოზე უფრო გულდასმით მოწმდება. ევროკავშირისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა სანქციების გვერდის ავლით არ გამოიყენოს მისთვის აუცილებელი პროდუქცია და მასალები - სხვადასხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა, საკვები პროდუქტები…” - ამბობს ირინა საკი.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთს შორის ვაჭრობას, ირინა საკი განმარტავს, რომ ეს პროცესი სანქციებს არ ექვემდებარება, რადგან ევროკავშირს ესმის, რომ მოსაზღვრე ქვეყანასთან ვაჭრობა ქართული ბიზნესისთვის გაცილებით მარტივია.

“ რაც შეეხება იმ პროდუქტს, რითაც საქართველო რუსეთთან ვაჭრობს, ეს არ ექვემდებარება სანქციებს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მოსაზღვრე ქვეყანაა და ბიზნესის წარმოების მარტივი გზაა რუსეთთან მიმოცვლა. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ რუსეთთან შეამციროს ვაჭრობა ისაა, რომ ექსპორტი ევროკავშირში, ევროპულ ქვეყნებთან გაზარდოს. ზუსტად ამაში ეხმარება საქართველოს ევროკავშირი სხვადასხვა, მაგალითად, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს”, - აღნიშნავს ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ რუსეთთან 1.06 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლით ივაჭრა, რაც წინა წელთან შედარებით 38%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები