მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რაზე ისაუბრეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კით კელოგმა?

ზელენსკი / კელოგი

მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება საკუთარ თავზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აიღო, სამი ჩართული მხარის წარმომადგენლებს შორის მუდმივი შეხვედრები იმართება. აი, სწორედ ამ ტენდენციას განეკუთვნება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის და უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის შეხვედრა, რომელიც კიევში შედგა. ამ შეხვედრას ორი ძირითადი დატვირვა ჰქონდა: პირველი — ომის თაობაზე მოლაპარაკებების წინ წაწევა და მეორე — ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპს შორის დაწყებული დაპირისპირების ჩახშობა.

საქმე ისაა, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის და რუსეთს შორის საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებებს თავად, ჯერჯერობით, არ ესწრება, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ ნეგატიურად განეწყო. სულ მცირე, ასე გამოჩნდა მისი საჯარო სიტყვიდან, რომელშიც პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას საშუალო დონის კომედიანტი და დიქტატორი უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა ისიც, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინაში მოსახლეობის მხოლოდ 4% უჭერს მხარს, რის გამოც ქვეყანაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

დონალდ ტრამპის ამ გზავნილებს მალევე გამოეხმაურა თავად ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დეზინფორმაციულ სივრცეში მოჰყვა, ხოლო სტატისტიკა, რომელსაც ის ავრცელებს, სწორედ ისაა, რაზედაც ხშირად რუსები აპელირებენ. მალევე, მედიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის უახლესი შედეგები გავრცელდა, რომელთა თანახმად, ზელენსკის მხარდაჭერის მაჩვენებელი 57%-ია, როცა დონალდ ტრამპს მოსახლეობის 45% უჭერს მხარს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დონალდ ტრამპს უკრაინისგან $500 მილიარდის მინერალების მიღება სურს, რასაც, ჯერჯერობით, ვოლოდიმირ ზელენსკი უარობს.

კონკრეტულად რა თემებზე ისაუბრეს ზელენსკიმ და კელოგმა დახურულ კარს მიღმა, ამ ეტაპზე, უცნობია, რადგან პრესკონფერენცია, რომელიც შეხვედრის შემდეგ იყო ჩანიშნული, გაუქმდა. დღის ბოლოს, შეხვედრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა — პრეზიდენტის შეფასებით, აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრა პროდუქტიული იყო, ხოლო აშშ-უკრაინის ძლიერი ურთიერთობა სარგებელს მთელ მსოფლიოს მოუტანს. მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორი ქვეყნის დიალოგი მაქსიმალურად კონსტრუქციული იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები