მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაჟდენ კუპრაშვილის კარიერა, ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილმა შექმნა - ეკა გიგაური

რაჟდენ კუპრაშვილი

„დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემდეგ, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგებოდა“, - ასე უპასუხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ბიუროს მიერ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმების ხარისხს შეეხებოდა.

„ნორმალურ ქვეყანაში კონკრეტული პირები დაკარგავდნენ თანამდებობებს და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგებოდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ არანორმალურ ვითარებაში გვიწევს ცხოვრება, როდესაც ამდენი ფულის მიტაცებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისთვის, შეიძლება, ადამიანი გარეთ იყოს და მეორე მხრივ, 60-ზე მეტი პოლიტპატიმარი გვყავს ციხეში სამშობლოს სიყვარულისთვის“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

საქმე ის არის, რომ გენერალური პროკურატურის თანახმად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ყალბ მონაცემებს უთითებდა. სამი თვის წინ, 24 ივლისს კი, რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებდა, რომ ექსპრემიერის დეკლარაციამ მონიტორინგი გაიარა და არანაირი დარღვევა არ გამოუვლენიათ.

„იმიტომ ვერ დაინახა [დარღვევები ანტიკორუფციულმა ბიურომ], რომ ამ ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი არის მიტაცებული. დამოუკიდებელი ინსტიტუტები ჩვენ არ გვაქვს და შესაბამისად, ეს ინსტიტუტები ეხმარება კონკრეტულ ჯგუფს, კონკრეტულ ადამიანს — ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ასევე კონკრეტულ ჯგუფს, აძლევს მას საშუალებას, რომ გამდიდრდეს და შეინარჩუნოს ძალაუფლება იმით, რომ ეს ადამიანები არ რეაგირებენ დანაშაულზე, რაც ასევე დანაშაულია“ — ამბობს ეკა გიგაური.

მისი აზრით, კორუფციულ მექანიზმებში ინსტიტუტების ჩართვა საშუალებას იძლევა, რომ კონკრეტულმა ჯგუფებმა იბატონონ ქვეყნის რესურსებზე.

„ეს არის მეთოდი, რომ ყველას გასვარო და შემდეგ იბატონო ამ ადამიანებზე, ახლა ამ პროცესს ვუყურებთ, მაგრამ შეიძლებოდა, რაჟდენ კუპრაშვილს ჰქონოდა დამატებითი მოტივაციაც, რადგან მისი კარიერა, ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილის შექმნილია; რაჟდენ კუპრაშვილის ფიგურა მან წამოსწია“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ცნობისთვის: ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილი 2023 წლის თებერვალში დაინიშნა. ირაკლი ღარიბაშვილმა რაჟდენ კუპრაშვილი სამ კანდიდატს შორის შეარჩია. კერძოდ, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 6 თებერვალს, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარედგინა სამი კანდიდატი – ზურაბ აზნაურაშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი და ელგუჯა მაკალათია.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად დანიშვნამდე რაჟდენ კუპრაშვილი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო „შავი ზღვის საერთაშორისო საარბიტრაჟო პალატის“ დირექტორი, ასევე „კუპრაშვილი და ადვოკატების“ დირექტორი, საპროექტო-საკვლევაძიებო ინსტიტუტის – „ტრანსპროექტის“ იურიდიული სამსახურის უფროსი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები