მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რბილად რომ ვთქვათ, შეგიძლიათ, კომპანია აჩქარდეს?” - “ჯორჯიან მანგანეზის” სპეცმმართველი გააკრიტიკეს

606c33b53eb8c
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.21 19:50
1475
"ვნახეთ თქვენი განაცხადი, რომლითაც 2022 წლამდე ითხოვთ გადავადებას საწარმოო ციკლის დარღვევების გამოსწორების თაობაზე. გთხოვთ, მოგვცეთ ამაზე მეტი ინფორმაცია და თუ არის საშუალება, რომ ამ მხრივ კომპანია, რბილად რომ ვთქვათ, აჩქარდეს?", - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანს, რომელიც 2017 წელს სახელმწიფომ კომპანიის გარემოსდაცვითი დარღვევების გამოსასწორებლად დანიშნა. 

პარლამენტში 5 აპრილს გამართულ მოსმენაზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ უკანასკნელი წლების განმავლობაში შესრულებული სამუშაოები წარადგინა. 

დეპუტატთა შეფასებით, ფაქტი, რომ სპეციალური მმართველის დანიშვნიდან 4 წლის შემდეგაც მდინარე ყვირილას დაბინძურების საკითხი გადაჭრილი არაა, პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, საკომიტეტო მოსმენიდან გაირკვა, რომ  “ჯორჯიან მანგანეზმა” ვერ უზრუნველყო სამინისტროსთან შეთანხმებული ვალდებულებების სრულად შესრულება, რის გამოც კომპანია ცალკეული ვალდებულების 2022 წლამდე გადავადებას მოითხოვს.

მდინარე ყვირილას დაბინძურების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე მიმართულების პრობლემა, რომელთა გამოსწორებისთვისაც კომპანია მუშაობს - ესენია ჭიათურაში დაზიანებული მიწის ზედა საფარის აღდგენა და მისი რეკულტივაცია, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირება, დამტვერიანების შემცირება და სხვა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მიმართულებებით ნიკოლოზ ჩიქოვანის მმართველობის პერიოდში უფრო მეტი წინსვლა დაფიქსირდა, ვიდრე მდინარე ყვირილას დაბინძურების შემცირების მიმართულებით.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ ნიკოლოზ ჩიქოვანს კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უფრო სწრაფად შესრულებისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად დიდი ინვესტიციებისა, რომლებიც კომპანიამ განახორციელა, კვლავ რჩება მდინარე ყვირილას დაბინძურების პრობლემა, რაც არამხოლოდ ანალიზებით, არამედ ვიზუალურადაც ჩანს. პრობლემად რჩება ძველი ქარხნები, მათ შორის კომპანიის მფლობელობაში არსებული 3 ძველი ქარხანა, რომელიც კვლავ არანორმირებულ წყალს უშვებს მდინარეში. ასევე პრობლემაა კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ასევე გარკვეულ მონაწილეობას იღებენ მდინარის დაბინძურებაში.

ვნახეთ თქვენი განაცხადი, რომლითაც 2022 წლამდე ითხოვთ გადავადებას საწარმოო ციკლის დარღვევების გამოსწორების თაობაზე. გთხოვთ, მოგვცეთ ამაზე მეტი ინფორმაცია და თუ არის საშუალება, რომ ამ მხრივ კომპანია, რბილად რომ ვთქვათ, აჩქარდეს? აღვნიშნავ ეფექტიანადმიმდინარეობს მიწის რეკულტივაცია და ტიტანური სამუშაო გასწიეთ, ჰაერის დაბინძურების კუთხითაც იქნა ნაბიჯები გადადგმული, თუმცა მდინარის დაბინძურების კუთხით პრობლემა კვლავ ძალიან მძიმეა. ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც პრობლემას ქმნის ეს, რადგანაც მდინარე არ არის იმ ფერის, რა ფერისაც უნდა იყოს", - განაცხადა მაია ბითაძემ.

ნიკოლოზ ჩიქოვანი კი აცხადებს, რომ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება  მოსახლეობის პროტესტმა გამოიწვია, რამაც კომპანიის მიერ დაგეგმილი პროექტების შესრულება შეანელა. კიდევ ერთ მიზეზად ნიკოლოზ ჩიქოვანი დასაქმებულთა სოციალური დაცვის საკითხს ასახელებს. მისი თქმით, ახალი ქარხანა აშენების შემდგომ მდინარის დაბინძურების შემცირებასთან ერთად საწარმოო პროცესში დასაქმებულთა რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებასაც გამოიწვევს, რის გამოც "ჯორჯიან მანგანეზი" წინასწარ მუშაობს სხვადასხვა ალტერნატიულ სამუშაოებზე, რომლებსაც ამ ქარხნების ყოფილ მუშებს შესთავაზებს. 

“ვალდებულებების შესრულებაში ხელი შეგვიშალა, სამწუხაროდ, გაფიცვებმა და იყო დიდი გაფიცვები სხვადასხვა თხოვნებით. ბოდიში არა, გაფიცვა, არამედ მოსახლეობის პროტესტი იყო, რამაც გაგვაჩერა ერთხელ 4 თვე, მეორედ - 3 თვე.

ვალდებულების გადავადება მოვითხოვეთ 2022 წლისთვის. ამ ძველ ქარხნებში 300 ადამიანზე მეტია დასაქმებული. შედარებისთვის, ახალ ქარხანაში 47 ადამიანია დასაქმებული და აწარმოებს იმდენივეს, რამდენსაც ყველა ძველი ქარხანა, სადაც 600-მდე არის დასაქმებული. გვინდა, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, სერვისის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის მხრივ, რათა უმტკივნეულოდ გადავიდნენ ისინი სხვა მიმართულებაზე,” - განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალური მმართველის დანიშვნა 2017 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შუამდგომლობითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი, როდესაც სახელმწიფომ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შეუსრულებლობის მოტივით, კერძო კომპანიის დირექტორს უფლებამოსილებები შეუჩერა და ის სპეციალურ მმართველს გადასცა. მაშინ სპეციალური მმართველის უფლებამოსილება 3 წლით განისაზღვრა.

სასამართლოს განჩინებით, სპეციალურ მმართველს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა აქვს დავალებული.

2020 წლის მაისში სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განაცხადი, რომლის მიხედვითაც სპეციალურმა მმართველმა ვერ შეძლო კომპანიის ვალდებულებების 3 წელში შესრულება, რის გამოც უწყებამ ნიკოლოზ ჩიქოვანისთვის უფლებამოსილების კიდევ 3 წლით გახანგრძლივება მოითხოვა. სასამართლომ ეს არგუმენტი გაიზიარა და ნიკოლოზ ჩიქოვანს უფლებამოსილება 2023 წლის 10 მაისამდე გაუხანგრძლივა.

“ჯორჯიან მანგანეზს” ოფშორული კომპანიების გავლითი უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი ფლობს. კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნამდე სახელმწიფომ “ჯორჯიან მანგანეზს” თითქმის 400 მილიონი ლარის ჯარიმები დააკისრა, რაც სხვადასხვა დარღვევებს უკავშირდებოდა. ამ ჯარიმების შემდგომ კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები