მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რჩება შთაბეჭდილება, რომ არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას - მიქაუტაძის ადვოკატი

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის ამბობს, რომ პროკურატურამ მათი მიმართვა საპროცესო შეთანხმების გარიგებაზე არ განიხილა.

ეს განცხადება ადვოკატმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, ანუ მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის განაჩენი გამოცხადდა, რომელმაც მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ბრალდების ყველაზე ეპიზოდში გაამტყუნა.

"ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა არა მხოლოდ ბრმა, არამედ ხშირად ყრუც არის ბრალდებულისა და დაცვის მხარის პოზიციების მიმართ. სასამართლოს, როგორც წესი, მხოლოდ ბრალდების მხარის არგუმენტები ესმის. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა თვეების განმავლობაში აცხადებდა, თითქოს დაცვის მხარეს მათთვის არ მიუმართავს, რეალურად მიმართვა განხორციელდა, თუმცა მას პასუხი არ მოჰყოლია.

გაუგებარია, რატომ არის საჭირო დანაშაულის წინასწარი აღიარება, როდესაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება თავისთავად გულისხმობს ბრალის აღიარებასა და ზიანის ანაზღაურებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ არც არავინ აპირებდა მასთან საპროცესოს გაფორმებას. ეს უბრალოდ იყო ფორმალობა, ბრალდების მხარე იძახდა, რომ მოგვმართოს და განვიხილავთ [საპროცესო შეთანხმებას], თუმცა ფაქტია, რომ მიმართა და არავინ განიხილა", - განაცხადა ადვოკატმა.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ 13 მარტს, სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას თქვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები