მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - ყოფილ მაღალჩინოსანს ქონება ჩამოერთვა

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მიქაუტაძე სასამართლომ წარდგენილ ყველა ბრალდებაში ცხრავე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავება აეკრძალა 2 წლის ვადით.

მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა ქონება, კერძოდ კი, ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლი, როგორც მის ასევე, მისი მეუღლის კუთვნილი სამი ავტომობილი და ამოღებული ნივთები. მიქაუტაძეს ასევე ჩამოერთვა "ნახიდურჰესის" 15%-იანი წილი.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ 13 მარტს, სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.

ყოფილი მაღალჩინოსანი არ ეთანხმება ბრალდებას, თუმცა იმის გამო, რომ რამდენიმე თვეში თავის მოსახელე შვილიშვილს ელოდება, განაცხადა, რომ ოჯახთან შეთანხმებით, მზადაა, აღიაროს არარსებული ბრალი, აანაზღაუროს არმიყენებული ზიანი და გააფორმოს საპროცესო შეთანხმება პროკურატურასთან.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, მიქაუტაძე ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ 8 499 334 ლარი შეადგინა.

მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ 2021 წლიდან მუშაობდა, უკვე 2022 წლიდან კი მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. 2024 წელს როგორც მაშინდელი მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებდა, მან საკუთარი სურვილით დატოვა თანამდებობა. მიქაუტაძეს ენერგეტიკის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) - დირექტორი, ასევე "საქრუსენერგოს" ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილე, მოგვიანებით კი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები