მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძე რომ ₾3.5 ღირს და 1 კგ ყველს 8-9 ლიტრი სჭირდება, როგორ გამოვაცხოთ ხაჭაპური იაფად? - ბაღდოშვილი

ჰორეკა სექტორი

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ ფასებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მთის კურორტზე ხარისხიანი სერვისის მიწოდება თბილისზე მინიმუმ 3-ჯერ ძვირი ჯდება.

როგორც გურამ ბაღდოშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტავს, მთის კურორტებზე ხარისხიანი საკვების ტრანსპორტირებაც ძვირი ჯდება. ის აღნიშნავს, რომ სწორედ თვითღირებულების გაზრდილი ხარჯის გამო, მთაში არსებული მისი ორივე კვების ობიექტი, გასულ წელს ზარალზე გავიდა და დაიხურა.

„მთა ძალიან რთული კურორტია ინფრასტრუქტურიდან, გზებიდან, ტრანსპორტირებიდან გამომდინარე. დაახლოებით ხუთი სეზონი ვიყავით და ხუთივე სეზონი იყო ზარალზე და ამიტომ გასულ წელს დახურვის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან ჯერ არ ვართ მზად იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის საკვები ავიდეს მთაში. გინდ შვეიცარიაში, გინდ საფრანგეთში და იტალიაში ნებისმიერ კურორტზე, რომ ახვიდეთ კერძის ფასი 60 ევროდან იწყება და ყველაზე ბანალური, მაგალითად სიბასი 200 ევრო ღირს. ჩვენ თუ ხარისხი არ გავზარდეთ, ჩვენს სამთო კურორტებზე ხარისხიანი მომხმარებლის რაოდენობას ვერ გავზრდით.

პრობლემაა პროდუქტის ტრანსპორტირება, ძირითადად თბილისიდან უწევს ბიზნესს პროდუქტს მიწოდება მთაში, იმიტომ რომ რეგიონის პატარა ბაზრებში იმ რაოდენობის და ხარისხის პროდუქტი ვერ მოიპოვება, რაც საჭიროა. 600 ლარი მაინც სჭირდება მანქანა-მაცივარს, რომელიც იმისთვისაა საჭირო, რომ მაგალითისთვის, მინუს ტემპერატურაზე ბოსტნეული არ გაიყინოს.

როცა რძე ღირს 3.5 ლარი ღირს და ერთი კგ ყველის წარმოებას 8-9-10 ლიტრი სჭირდება, გააჩნია ცხიმიანობას, როგორ უნდა გააკეთოთ იაფად ხაჭაპური, რომელშიც მინიმუმ 400 გრ ყველი უნდა იდოს? ამიტომ მოდით დავითვალოთ - თუ ხარისხიან პროდუქტზე ვლაპარაკობთ და ხარისხიან სოფლის მეურნეობის ნაწარმზე, მაშინ მომსახურება ძვირია. ეჭვი არ მეპარება, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც ნატურალურ პროდუქტს ამზადებენ, თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც უბრალოდ სეზონის გადაგორება უნდათ", - განმარტავს გურამ ბაღდოშვილი.

შეფმზარეული იმასაც ამბობს, რომ თბილისისგან განსხვავებით მთაში მოქმედი ბიზნესის ხელმძღვანელებს დასაქმებულებისთვის უფრო მეტის გადახდა უწევთ, ხარჯი კი ხელფასთან ერთად მის განთავსებას, ტრანსპორტირებასა და კვებასაც მოიცავს.

"თბილისში ბარში მომუშავეს ერთი ხელფასი აქვს და მთაში როდესაც მიდის, ბიზნესი ვალდებული ხდება სამმაგი და ოთხმაგი ხელფასი გადაუხადოს, რათა სერვისი კვალიფიციური იყოს. ამას ემატება მათი ტრანსპორტირება, საკვები და განთავსება. ასევე ხარჯებში შედის იჯარა, კომუნალური... - აბსოლუტურად ყველაფერს სამმაგი ფასი სჭირდება.

დისბალანსი ჩვენს ეკონომიკურ ვითარებაშია, პროდუქტების ფასი იზრდება და სხვა არაფერი არ მიჰყვება მას. პანდემიის კრიზისის კუდის მოქნევაა ახლა, ამას სჭირდება პერიოდი, რომ მდგომარეობა გაჯანსაღდეს და ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ.

ზუსტად იმიტომ, რომ ასეთ სალანძღავ სიაში არ შევსულიყავი, ამის გამო მომიწია ორივე მთის კურორტის დაკეტვა“, - განაცხადა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები