რძის ხარისხთან დაკავშირებით თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული.
"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და რძის პროდუქტები, რომელიც მიეწოდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს, სრულად შეესაბამება სახელმწიფოს მიერ დადგენილ ყველა სტანდარტს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში, პროდუქტის მიწოდებიდან მომზადების ჩათვლით, კვების პროცესის სრული კონტროლი სისტემატურად ხორციელდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ხელმძღვანელობს იმ ტექნიკური დადგენილებებითა და რეგულაციებით, რაც სახელმწიფო სტანდარტებით არის განსაზღვრული. ბაღებში 60-მდე სახეობის საკვები პროდუქტი შედის და ყველა ტექნიკური მოთხოვნა, რაც ვრცელდება საბავშვო ბაღებზე, თითოეული დაწესებულების მიერ არის ზედმიწევნით დაცული", - წერია განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ლაბორატორიის გამოცდის ოქმიც, რომლის თანახმადაც, შემოწმებულია სასმელი რძე "მილას" შემცველობა. დოკუმენტის თანახმად, 3 აპრილს დადებული დასკვნით, აღნიშნულ რძეში აფლატოქსინი არ ფიქსირდება.

ცნობისთვის, გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანამხადაც, "სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. სეს-ი მომხმარებელს მოუწოდებს, არ გამოიყენონ კონკრეტული გამოშვების რძე.

























