"სოფლის ნობათის" რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება. კერძოდ, უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა 28 მარტს შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოში" (ს/კ 204546553 (სოფლის ნობათი) სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, რომ ინსპექტირების შედეგად საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა, თუმცა, დაფიქსირდა სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად.
სეს-ის განცხადებით, გარდა ამისა, შპს "ვიმ-ბილ-დან საქართველოს" დაევალა აზერბაიჯანში წარმოებული რძის 5 ნიმუშის აღება, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი და აფლატოქსინ M1-ზე გამოკვლევა. ასევე არასწორად ეტიკეტირებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.
"სააგენტოს ზედამხედველობით აღებული ნიმუშები გაიგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა ხუთ ნიმუშში. კერძოდ,
- სასმელი რძე საბავშვო, ულტრაპასტერიზებული - 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 04.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 03.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 12.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 11.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 1,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 10.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 09.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 2,5% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 09.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 08.08.2025;
- სასმელი რძე რჩეული ულტრაპასტერიზებული, 3,2% ცხიმიანობით - დამზადების თარიღი: 02.02.2025, ვარგისიანობის ვადა: 01.08.2025.
შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველოს“ დაევალა დასახელებული სურსათის პარტიების სარეალიზაციო ქსელიდან ამოღება/გამოთხოვა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ გამოიყენოს აღნიშნული რძე.
აფლატოქსინი წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან. აფლატოქსინ B1-ით დაბინძურებული საკვები ხვდება ცხოველის ორგანიზმში, საიდანაც გადადის რძეში და გარდაიქმნება M1 აფლატოქსინად, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას", - იტყობინება სეს-ი.
bm.ge "სოფლის ნობათთან" დაკავშირებას ცდილობს და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.