მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის პროდუქტები ზაფხულში 5-7%-ით, შემოდგომიდან კი 20%-ით გაძვირდება - "შირაქი"

62c02dce3a657
ლიკა მეგუთნიშვილი
02.07.22 16:10
1371
რძის პროდუქტების ფასი ზაფხულში 5%-7%-ით, შემოდგომიდან კი 20%-ით გაიზრდება - ამის შესახებ BM.GE-სთან რძის პროდუქების მწარმოებელი კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს.ნბენიაძის თქმით, პროდუქციის გაძვირების ძირითადი მიზეზი არასაყოფაცხოვრებო ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდასთან ერთად, დიზელის საწვავზე ფასის მატება და სასუქის გაძვირებაა.

„ტარიფის გაზრდა ბუნებრივ აირზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს პროდუქტზე ფასების მატებაზე, ვინაიდან პროდუქციის გადამუშავების ნაწილში გაზის წილი 20%-ია. პროდუქციას აძვირებს ასევე დიზელის საწვავზე ფასის მატება, რომელიც მოსავლის მისაღებად აუცილებელია და მისი წილი 30%-ს შეადგენს, ასევე გაორმაგებულია სასუქის ფასიც. მთლიანობაში, ეს ყველაფერი მნიშნელოვნად აისახება რძის პროდუქტების ფასების ზრდაზე“ - აცხადებს ბენიაიძე.

მწარმოებელი ასევე ამბობს, რომ ფასის მატებაზე მნიშვნელოვან გავლენას რუსეთ-უკრაინის ომიც ახდენს, რადგან რძის პროდუქტების დამზადებისთვის აუცილებელი კომპონენტის - შროტის მთავარი მომწოდებელი სწორედ რუსეთია. მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო, მწარმოებლები ახლა ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

„რუსეთიდან ძირითადად შროტი შემოდიოდა, თუმცა ომის გამო მიწოდება შეფერხდა, ახლა ვეძებთ ალტერნატიულ ქვეყნებს, საიდანაც პროდუქტის შემოტანას შევძლებთ, თუმცა მომწოდებელი ბაზრის ცვლილება რძის პროდუქტების ფასზე აუცილებლად აისახება, რადგან რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფი იყო“ - აღნიშნა „შირაქის“ დამფუძნებელმა.

მწარმოებლები ფიქრობენ, რომ პრობლემის გადაჭრისა და რძის პროდუქტებზე ფასების დარეგულირების ერთადერთი გზა იმ იმპორტირებული საკვების სუბსიდირებაა, რომლების საქართველოში არ იწარმოება. ამ მოთხოვნით მათ რამდენჯერმე მიმართეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა უწყება ამ დრომდე აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს.

„ერთადერთი გამოსავალი სუბსიდირებაა, მთლიანად რძის პროდუქტებზე თუ არა, იმპორტირებული საკვების ნაწილში მაინც უნდა განხორციელდეს, მაგალითად, პროტეინებსა და შროტებზე“.

ცნობისთვის, 1 ივლისიდან თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი გაძვირდა და 1.35 ლარი გახდა, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზარდა. მიმდინარე თვიდან კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები