რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "შირაქი" გაფართოებას გეგმავს და ახალ, მასშტაბურ ფერმას შირაქში ააშენებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ფერმა არსებული საწარმოს გადატანასა და გაფართოებას გულისხმობს და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იქნება. ის დასძენს, რომ ფერმის მშენებლობა იანვრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო ახალი ობიექტზე გადასვლა წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
"დიდი ფერმის მშენებლობა უნდა დავიწყოთ, სადაც არსებული ფერმა წლის ბოლომდე გადავა. ობიექტი ჯამში 1 000 სულ პირუტყვს გააერთიანებს და 1 500 ჰექტარზე იქნება გაშენებული. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფერმა იქნება.
მშენებლობას თვის ბოლოდან ვიწყებთ და ვგეგმავთ, რომ წლის ბოლომდე უკვე ახალ სივრცეში გადავიდეთ. რამდენიმე მილიონით დავიწყებთ და შემდეგ ბანკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე გაგრძელდება განვითარება. ბანკებიც დღეს ფრთხილობენ და დაფინანსება ეტაპობრივად ხდება", - აღნიშნავს ის.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, პროექტის განხორციელება ეტაპობრივად იგეგმება და მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე წელიწადში შესაძლოა 20 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.
ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, ფერმის დასრულების შემდეგ საშუალოდ 50 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი. ამასთან, ის ყურადღებას ამახვილებს ფერმერებისთვის პირუტყვის შემოყვანის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"თუ ადრე მაღალპროდუქტიული მერძეული საქონლის შემოყვანა 2 000 - 2 200 ევრო ჯდებოდა, დღეს მინიმუმ 1 000 ევროთი არის გაძვირებული. ახლა ერთი სული პირუტყვის შემოყვანა დაახლოებით 10 000 ლარამდე ადის", - აცხადებს ბენიაიძე და დასძენს, რომ არსებული ვითარება ფერმერებისთვის სერიოზულ ფინანსურ და საოპერაციო რისკებს ქმნის.
"არ გაქვს გარანტია, რომ პირუტყვი აუცილებლად მოიწველება. შეიძლება დაავადდეს, შეიძლება დაიღუპოს. განსაკუთრებით პირველ რამდენიმე თვეში რისკები ძალიან მაღალია", - ამბობს ნიკოლოზ ბენიაიძე.




























