მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რძის პროდუქტების საწარმო „მარიტა“ მიმდინარე წლის მარტიდან, რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შესვლას გეგმავს

მარიტა

საოჯახო რძის პროდუქტების საწარმო „მარიტა“ მიმდინარე წლის მარტიდან, რამდენიმე ქსელურ მარკეტში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ საწარმოს თანადამფუძნებელმა, ქეთი ბოლქვაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

ფერმა წალკაში მდებარეობს და ბაზარზე დაახლოებით 6 წელია ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფერმაში 60-მდე პირუტყვი ჰყავთ და 11 სახის პროდუქტს აწარმოებენ. კერძოდ: იმერულ ყველს, სულგუნის ნაირსახეობას, ერბოს, კარაქს, კრემყველს და აჭარულ ტრადიციულ ყურუთს. საწარმოში დღიურად ზამთარში 1.5 ტონამდე, ხოლო ზაფხულში 4 ტონამდე რძეს გადაამუშავებენ, საიდანაც 30% მათი ნედლეულია, ხოლო დანარჩენს ადგილობრივი, მსხვილი რძის მეურნეობებიდან ყიდულობენ. ამასთან, საგულისხმოა, რომ საწარმოში რძის პროდუქტები ყველა სტანდარტის დაცვით იწარმოება და 2018 წლიდან HACCP-ის სტანდარტის ლიცენციასაც ფლობს.

საოჯახო ბიზნესის თანადამფუძნებლის თქმით, ამ დრომდე მათი პროდუქცია სხვადასხვა პრესტიჟულ რესტორნებსა და საცხობებში იყიდებოდა, თუმცა ახლა, საწარმომ ბიზნესი განვითარებისა და პროდუქტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქსელურ მარკეტებში შესვლა გადაწყვიტა.

"მიმდინარე წლის მარტიდან, რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში შესვლა იგეგმება, რაზედაც ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. მოლაპარაკებებია ფასებთან დაკავშირებით, თუ რა საფასო კატეგორიაში უნდა გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაბალი ფასი დავადოთ, რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს და მეტმა ადამიანმა შეიძინოს“, - ამბობს მეწარმე.

მისივე ინფორმაციით, ქსელური მარკეტები მათ გეოგრაფიას მნიშვნელოვნად გაზრდის და როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც იქნებიან წარმოდგენილი. ქსელურ მარკეტებში მათი თითქმის ყველა პროდუქციის შეტანა იგეგმება. მათ შორის, ისეთი პროდუქტების, რომლებიც წელს უნდა ჩაეშვას გაყიდვაში, როგორიცაა მთის ყველი და კრემყველი.

„მაღაზიაში შევა იმერული ყველი, სულგუნი, შებოლილი სულგუნი, დაწნული სულგუნი, ერბო, კარაქი და აჭარული, ტრადიციული ყურუთი, რომლის პირველი მწარმოებლები ვართ საქართველოში. უკვე ვაწარმოებთ და შეკვეთებსაც ვიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ აჭარული საკვებია, შეკვეთებსაც ძირითადად ბათუმიდან ვიღებთ. თუმცა, სურვილი მაქვს, რომ ეს პროდუქტი სხვა კუთხის წარმომადგენლებმაც გაიცნონ. ასევე შევა კრემყველი, რომლის შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მწარმოებლები ვართ საქართველოში, ვინც ნატურალურ კრემყველს აწარმოებს. კრემყველი ოფიციალურად გაყიდვაში ჩაშვებული არ გვაქვს და მასაც გავაოფიციალურებთ. ვაწარმოებთ მთის ყველს, რომელიც ასევე 2025 წლიდან გაყიდვაში ჩაეშვება“, - აცხადებს ქეთი ბოლქვაძე.

აღსანიშნავია, რომ საწარმოში ამ ეტაპზე 5 ქალი და 3 მამაკაცია დასაქმებული. ამასთან, ოჯახის წევრებიც სრულად არიან ჩართული. ბოლქვაძე დასძენს, რომ მათთვის პრიორიტეტი რეგიონში ქალების დასაქმებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები