მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რძის სექტორს პატრონი არ ჰყავს, ღმერთის გარდა ყველასგან დავიწყებულები ვართ" - მწარმოებელი

რძე

საქართველოში რძის იმპორტი მკვეთრად იზრდება, 2019 წელს იმპორტის მოცულობა 7,500 ტონა იყო, 2025 წლის 10 თვის მონაცემებით, კი უკვე 16,000 ტონამდეა გაზრდილი, რაც ძირითადად პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების სექტორს ეხება. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რძისა და რძის პროდუქტების იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ადგილობრივი მწარმოებლები გამოწვევებს შორის სწორედ იმპორტის მზარდ სტატისტიკას ასახელებენ. ყველის საწარმო "ცეზარის" დამფუძნებელი ამბობს, რომ რძე და რძის ფხვნილი კონკრეტული ქვეყნებიდან დემპინგური ფასებით შემოდის, რასაც მზარდი ხარჯების ფონზე ადგილობრივი ფერმები კონკურენციას ვერ უწევენ. მისივე თქმით, ადგილობრივ წარმოებას ხელშეწყობა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნედლი რძის და რძის პროდუქტების წარმოების მოცულობა კიდევ შემცირდება.

“რძის და რძის ფხვნილის ძირითადი მომწოდებლები არიან პოლონეთი, ბელარუსი და მსგავსი ქვეყნები, რომლებიც კონკურენტუნარიანები არიან და გაცილებით დაბალ ფასში აქვთ რძის პროდუქტები შემოტანილი საქართველოში. ამ შემთხვევაში ქართველი მწარმოებლები არათანაბარ კონკურენციაში ვართ. არანაირი უპირატესობა არ გვაქვს, გადასახადებიც ერთი და იგივე გვაქვს.

ძალიან ბევრი პრობლემები აქვთ ქართველ მწარმოებლებს, არ მოგვეცა საშუალება განვითარებისა, რადგან ისინი გაცილებით დიდი კომპანიები არიან და წლებია მუშაობენ. იმათ ბევრი დახმარება აქვთ, ხელშეწყობა. ჩვენ - ქართველ მწარმოებლებს კი არანაირი ხელშეწყობა არ გვაქვს, რომ განვითარდეს დარგი. მხოლოდ ერთი აგროსესხი არსებობს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სესხი გამოვიტანოთ და წინ წავიწიოთ. რეალურად, სადაც ვიყავით 10 წლის წინ, ისევ იქ ვართ, იმიტომ რომ არაკონკურენტუნარიანი გარემოა ბაზარზე.

ჩვენ დამცველი არ გვყავს არავინ, რომ დაგვიცვას და რაღაც უპირატესობა მოგვცეს ადგილობრივ წარმოებას. პატრონი არ გვყავს... ღმერთის გარდა, ყველასგან დავიწყებულები ვართ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი აქვს პროექტები, მაგრამ ისეთ ადამიანებს აქვთ გრანტი მიღებული, რომელთაც რძე მხოლოდ გასინჯული ჰქონდათ და შეხება არ ჰქონდათ ამ სექტორთან. სახელმწიფო გრანტებით დაფინანსებული საწარმოების დაახლოებით 70% დაიხურა", - ამბობს ყველის საწარმო "ცეზარის" დამფუძნებელი.

საქართველოში რძის საშუალო წველადობა 4.6-ჯერ ნაკლებია ევროპის საშუალო მაჩვენებელზე - TBC Capital

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები