საქართველოში რძის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა, 2019 წლის 7,500 ტონიდან 2025 წლის 10 მონაცემებით 16,000 ტონამდე, რაც ძირითადად პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან იმპორტის ზრდით არის განპირობებული. ამის შესახებ TBC Capital-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც რძისა და რძის პროდუქტების სექტორს ეხება.
კვლევაში ასევე წერია, რომ რძისა და რძის პროდუქტების იმპორტის სტაბილური ზრდა მიუთითებს, რომ შიდა მიწოდება ვერ ახერხებს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქვეყანაში ასევე შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობაც, ამ დროს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი მზარდია, რაც მიუთითებს საგარეო მოთხოვნის ზრდაზე.
კვლევის თანახმად, საქართველოში რძის საშუალო წველადობა დაბალია და მხოლოდ 4.7 ლიტრს შეადგენს, ეს გაცილებით ნაკლები ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელია (22 ლიტრი) რაც ხაზს უსვამს პროდუქტიულობის უკიდურესად დაბალ დონეს.

კვლევაში ასევე წერია, რომ რძის იმპორტის ხარჯები მკვეთრად გაიზარდა - 45%-თ 2025 წლის 10 თვის მონაცემებით. მნიშვნელოვანი მომწოდებელი ქვეყნები ბოლო წლებში აზერბაიჯანი, რუსეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და ბელორუსია. კერძოდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს 10 თვეში რძის იმპორტში აზერბაიჯანი ლიდერობს ჯამური იმპორტის 24%-ით, მეორე ადგილზე 18%-ით რუსეთია, ხოლო მესამე ადგილს 16%-ით საფრანგეთი იკავებს.

TBC Capital-ის თანახმად, ასევე გაზრდილია რძის პროდუქტების იმპორტი და 2025 წლის 10 თვისთვის 133 მლნ დოლარს აღწევს. გაზრდილია თითქმის ყველა რძის პროდუქტის იმპორტი.
კარაქის იმპორტი სტაბილურად გაიზარდა 6.8 ათას ტონამდე 2025 წლის 10 თვისთვის, მაშინ როდესაც იმპორტის ფასები წლიდან წლამდე მკვეთრად მერყეობდა და ხშირად მომხმარებელთა საერთო ინფლაციაზე სწრაფად იზრდებოდა.
ყველის იმპორტი სწრაფად იზრდება და 2025 წლის 10 თვისთვის 33 000 ტონას გადააჭარბა. მიწოდებაში ევროკავშირი დომინირებს - გერმანია, პოლონეთი, იტალია და ნიდერლანდები მთავარი მომწოდებლები არიან, რომლებიც ერთად საქართველოში ყველის იმპორტის ორ მესამედზე მეტს შეადგენენ.
წელს 10 თვეში ასევე გაზრდილია რძის ფხვნილის იმპორტიც. კვლევის მიხედვით, რძის ფხვნილის იმპორტმა აქამდე ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, 2019 წლის დაახლოებით 8000 ტონიდან 2025 წლის 10 მილიონი წლისთვის 11 600 ტონაზე მეტამდე გაიზარდა, რაც ძირითადად ბელარუსიდან, ირანიდან, რუსეთიდან და ნიდერლანდებიდან მოწოდებების ზრდით არის განპირობებული.
TBC Capital-ის სექტორულ მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში რძის სექტორი ხასიათდება მოხმარების სტაბილური ზრდით, განსაკუთრებით მაღალი დამატებული ღირებულების რძის პროდუქტებზე. ყველი მოხმარების კალათაში დომინანტურ პოზიციას იკავებს როგორც მოცულობით, ისე - ღირებულებით.
ქვეყანაში რძის პროდუქტების საერთო მოხმარება 2018 წლიდან სტაბილურად გაიზარდა 664 ათასი ტონიდან 762 ათას ტონამდე, ყველი კვლავ დომინანტურ პროდუქტად რჩება და შესამჩნევად გაიზარდა რძისა და არაჟნის წილი.
"საქართველოს მეცხოველეობისა და რძის სექტორში თვალსაჩინოა მიწოდების შესაძლებლობებსა და ბაზრის შედეგებს შორის მზარდი სტრუქტურული დისბალანსი. 2019-2024 წლებში რძის წარმოება სტაბილური იყო და დაახლოებით 570 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობდა, წლიდან წლამდე მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებებით და ზრდის მდგრადი ტენდენციის გარეშე. ამავე პერიოდში რძის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა - დაახლოებით 50%-ით, განსაკუთრებით სწრაფად იზრდება 2021 წლის შემდეგ", - წერია TBC Capital-ის მიმოხილვაში.




























