ბოლო წლებში შეცვლილი პოზიციების მიუხედავად მსოფლიოში თხილის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში საქართველო პოზიციებს მაინც ინარჩუნებს. მეორე კვარტალის შედეგებით წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან ჯამში 34.211 მილიონი დოლარის 6942 ტონა თხილია გასული და ძირითადი შემსყიდველების სიაში გერმანია, იტალია, ესპანეთი, თურქეთი და საფრანგეთი გვხვდება.
2022 წელთან შედარებით მონაცემები 13%-იან კლებას აჩვენებს, თუმცა საქართველოს საექსპორტო საქონლის კალათაში მე-11 ადგილს მაინც იკავებს.
ბოლო წლებში ფაროსანასგან შექმნილი პრობლემების და მოსავლიანობის შემცირების მიუხედავად, მზარდია იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც თხილის გადამუშავებასა და მსოფლიო ბაზრისთვის მისი მაღალი ხარისხით მიწოდებას უზრუნველყოფენ.
ერთ-ერთი ასეთი კომპანია "ჯეო-ნათსია", რომელიც ზუგდიდში 2017 წლიდან ამუშავდა. მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილ საწარმოში თხილს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებენ და ევროპული სტანდარტით ამუშავებენ.
"თხილს 3000 ფერმერი გვაწვდის. ნედლეულის შესყიდვა ხდება კახეთის, გურიის, იმერეთისა და რა თქმა უნდა, სამეგრელოს რეგიონიდან, ძირითადად წალენჯიხიდან და ჩხოროწყუდან", - ამბობს "ჯეო-ნათსის" დირექტორი, ჯენერ ბელქანია. საწარმოს წლიური წარმადობა 2000 ტონაა, რაც სრულად ექსპორტზე გადის. კომპანია საერთაშორისო ბაზრებისთვის როგორც ნატურალური, ასევე მოხალული და დაქუცმაცებული თხილის მიწოდებას უზრუნველყოფს, ექსპორტზე გადის თხილის ფქვილიც. კომპანიის ორიენტირი არატრადიციული, მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრებია, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები.
"ჩვენი საექსპორტო ბაზრებია: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბალტიის ქვეყნები, ასევე ჩეხეთი, პოლონეთი, ბელგია. მათგან ძირითადი ბაზრები კი იტალია და გერმანიაა. ვცდილობთ, ევროპის ბაზარზე კიდევ უფრო განვვითარდეთ და ჩვენი პროდუქტი ღირსეულად წარმოვადგინოთ", - აღნიშნავს ჯენერ ბელქანია.
საერთაშორისო ბაზრებზე "ჯეო-ნათსის" პროდუქტით არაერთი უმსხვილესი კომპანია ინტერესდება, მათ შორის არის საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი იტალიური ბრენდი "ფერეროა", რომელთან თანამშრომლობაც უკვე წლებს ითვლის და "ფერეროს" ტკბილეულისთვის ქართულ თხილსაც დიდი ხანია იყენებენ.
" "ფერეროს" ჩვენ პრემიუმ ხარისხის თხილს ვაწოდებთ. ისინი მზად არიან, ჩვენგან ნებისმიერი რაოდენობის თხილი გაიტანონ. შემდეგ უკვე მას თავიანთ პროდუქტში იყენებენ, მათ შორის შოკოლადის პასტასა და "ნუტელა"-ში, - აცხადებს "ჯეო-ნათსის" დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია დივერსიფიცირებულ ბაზრებსა და მსხვილ პარტნიორებს არ უჩივის, ერთ ადგილზე გაჩერებისთვის ეს საკმარისი პირობა არ არის. "ჯეო-ნათსი" ახალი პარტნიორების მოძიების პროცესს მუდმივად განაგრძობს. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზრებზე გამართულ გამოფენებზე მონაწილეობენ, არამედ პოტენციურ პარტნიორებს თავადაც მასპინძლობენ. სულ ახლახან კაკლოვანი კულტურების ცნობილი გერმანული ბრენდის, Lemke-ს წარმომადგენლების ვიზიტი, სწორედ ამის დასტურია.
"USAID-ის ჩვენთან ბევრი კლიენტი მოჰყავს. ახლაც უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები ჩამოიყვანეს, რომლებმაც ჩვენი საწარმო მოინახულეს. თანამშრომლობა უკვე დავიწყეთ და სამომავლოდ მათთან ექსპორტსაც ვგეგმავთ", - განაცხადა "ჯეო-ნათსის" დამფუძნებელმა, ჯენერ ბელქანიამ.
აგვისტოს დადგომასთან ერთად, ფერმერები თხილის კრეფის აქტიურ ფაზაში გადავიდნენ და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსავლის აღების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც "ჯეო-ნათსის" წარმომადგენლები ამბობენ, ახალ მოსავალს ახალი მიზნით ხვდებიან, რაც ექსპორტის მოცულობის ზრდასა და კიდევ უფრო მეტი მაღალმსყიდველუნარიანი ბაზრის ათვისებას უკავშირდება.