მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეალიზაცია 15-20%-ით შემცირდა, მოსახლეობაში ხარჯვა შენელებულია - "თბილისი ცენტრალის" დირექტორი

ლევან ყარალაშვილი

„თბილისი ცენტრალში“ აცხადებენ, რომ საცალო ვაჭრობის მიმართულებით რეალიზაციის კლებაა.

როგორც სავაჭრო ობიექტის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაყიდვები 15-20%-ით შემცირდა და კლების ტენდენცია აპრილშიც გაგრძელდა. მისი თქმით, შეიმჩნევა, რომ მოსახლეობა ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ტექნიკა, ტანსაცმელი, შედარებით ნაკლებს ხარჯავს.

ლევან ყარალაშვილის განცხადებითვე, საცალო ვაჭრობის სექტორში მოლოდინები არც მომავალ თვეებშია დადებითი, რის ფონზეც, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში რიგი პროდუქციის იმპორტი შემცირდება.

„საცალო ვაჭრობის კუთხით გაყიდვები პირველ კვარტალში დაახლოებით 15-20%-ის ფარგლებში იყო შემცირებული. აქ საუბარია ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებზე, იქნება ეს ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ა.შ. იანვარ-თებერვალი ზოგადად ამ სექტორისთვის დაბალი სეზონია, უფრო საშუალო სეზონში შევდივართ, მაგრამ ის რასაც ჩვენ ვუყურებთ იმ მაღაზიების ფონზე, რომლებიც ჩვენს ობიექტებშია განთავსებული, დაახლოებით 10-15%-იანი კლებაა გაზაფხულის თვეების მიხედვით.

ზოგადად მოსახლეობა ნაკლებ თანხას ხარჯავს, ეს პირდაპირ აისახება იმაზე, რომ საცალო ქსელები უფრო თავშეკავებით უდგებიან ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ფასები სტაბილურია, ზრდის პროგნოზები მინიმუმზეა. თანხების ხარჯვა შენელებულია და მოსახლეობა ალბათ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს პირველადი მოხმარების ნივთებზე, იქნება ეს საკვები თუ სხვა და უფრო ნაკლებ ხარჯავს ისეთ პოზიციებზე როგორიცაა ტექნიკა, ტანსაცმელი და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ტენდენცია ალბათ გაგრძელდება და ჩვენ იმასაც დავინახავთ, რომ იმპორტიც შემცირდება. იმიტომ რომ სახსრების სიმცირის ფონზე, საცალო ქსელები უფრო თავშეკავებულად მიუდგებიან ახალი პროდუქციის შემოტანას“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები