ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის აზრით, საქართველოში საინტერესო პროექტები ვერ ხორციელდება და ამის მიზეზი კაპიტალის დეფიციტია.
"რეალურად კრედიტის ეკონომიკით ვცხოვრობთ“, - ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც საქართველოს საინვესტიციო კლიმატის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეეხებოდა.
ბიზნესმენის შეფასებით, გამოწვევაა, რომ საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ბანკების კრედიტების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
"ჩვენი ფულით კი „ვაწვებით“ რაღაცებს, შემდეგ ბანკები გვაძლევენ სესხებს და რეალურად კრედიტის ეკონომიკით ვცხოვრობთ. მაგალითად, „ჰაიდელბერგ ცემენტი“ როცა ვიყიდეთ, რა ფულიც ჩვენ დავაბანდეთ, იმაზე ორჯერ თუ სამჯერ მეტი ჩადეს ბანკებმა... კრედიტებს ძალიან მიბმული ვართ.
შეიძლება [საინვესტიციო კლიმატის] ძლიერი და სუსტი მხარე ერთი და იგივე [რაღაც] იყოს. მაგალითად, მე მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა საინტერესო პროექტი ვერ კეთდება - ახლა ეს სისუსტეა თუ სიძლიერე, არ ვიცი. სიძლიერეა იმ მხრივ, რომ ეს გაკეთებადია, ამიტომ რადგან ჩვენი პატარა კაპიტალით დიდ და საინტერესო ბიზნესებს ვერ ვაკეთებთ, საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, რომ გარე ინვესტორები შემოვიდნენ და საინტერესო დარგები განავითარონ“, - განაცხადა ირაკლი რუხაძემ და იქვე დასძინა, რომ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ინვესტირებას ისევ საქართველოში გეგმავს.
"ჩვენ ამ ფულს მიწაში არ ჩავფლავთ და რაიმე საინტერესოს გავაკეთებთ ან რაიმე სხვას ვიყიდით“, - აცხადებს ირაკლი რუხაძე.




























