"რეალურად, თავისი არსით, ეს პოლიტიკოსები ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია... მათი პატიმრობის მიზეზი იყო პარლამენტის და დემოკრატიული სისტემის არაღიარება", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დაპატიმრებული პოლიტიკოსების პატრონებმა გარედან გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში.
„თავისი არსით, პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში არიან ხელისუფლებას არ დაუპატიმრებია. რეალურად, პატიმრობის მიზეზი იყო მათი მხრიდან პარლამენტის არაღიარება, დემოკრატიული სისტემის არაღიარება და ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ქვეყანაში. თუ პოლიტიკოსი არ აღიარებს დემოკრატიულ სისტემას, რა თქმა უნდა, კონკრეტულ შემთხვევებში, მას შეიძლება, მოუწიოს წასვლა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და, სწორედ, მათმა პატრონებმა გააკეთეს ეს - არ შეიყვანეს პარლამენტში და შეიყვანეს ციხეში. მათ სცადეს, ვა-ბანკზე წავიდნენ, ხედავდით, პრაქტიკულად, ისტერიული კამპანია იწარმოებოდა არჩევნებამდე. არ შეიყვანეს პარლამენტში საკუთარი მონები, საკუთარი აგენტები და შეიყვანეს ციხეში. მათ გადაწყვიტეს, რომ ისინი, მათი აგენტები, არ მისულიყვნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. მათ მიიღეს ყველა გადაწყვეტილება - პარლამენტში არშეყვანასთან დაკავშირებით უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ციხეში შეყვანასთან დაკავშირებითაც უცხოელმა პატრონებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მათ რომ ეთქვათ, ეს პოლიტიკოსები შევიდოდნენ პარლამენტში, არც ბოიკოტირება მოუწევდათ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის, არც ციხეში შესვლა მოუწევდათ, მაგრამ გარედან პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი არ უნდა შესულიყვნენ პარლამენტში და უნდა შესულიყვნენ ციხეში. ესეც ისტერიკის გამოვლინებაა, არაფერში აწყობდათ ეს ყველაფერი, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა,“- განაცხადა კობახიძემ.




























