მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Red Bull-ისა და მისი დამფუძნებლების წარმატების ისტორია

6360e9ea925df
გიორგი თოლორდავა
02.11.22 00:05
1253
ადრენალინი, ექსტრიმი, ენერგია და გამარჯვება - მსოფლიოში არცერთი ბრენდი არ ასოცირდება ამ სიტყვებთან იმაზე უფრო მეტად, ვიდრე რედ ბული.

1987 წლიდან მოყოლებული, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის 100 მილიარდი ქილა რედ ბულია გაყიდული, ეს უაღრესად წარმატებული ავსტრიული კომპანია კი ამჟამად ენერგეტიკული სასმელების გლობალური ბაზრის თითქმის 40%-ს აკონტროლებს.

რედ ბულის ექსტრემალური ისტორიის მიღმა ორი მეწარმე დგას, ტაილანდელი ჩალეო იოვიდია და ავსტრიელი დიტრიხ მატეშიცი. რედ ბულის, როგორც ენერგეტიკული სასმლის შექმნის იდეა ჩალეო იოვიდიას ეკუთვნის, გლობალურ ბაზარზე კომპანიის ყველაზე დომინანტურ ძალად ქცევა კი უშუალოდ მატეშიცს უკავშირდება, რომელიც გასულ თვეს, 22 ოქტომბერს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთში რედ ბულის გამოჩენამდე ენერგეტიკული სასმელების ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობდა, თუმცა აზიის მასშტაბით ვითარება არსებითად განსხვავებული იყო, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ტაილანდში, ჩინეთსა და იაპონიაში ენერგეტიკული სასმელების ფართო ასორტიმენტი გვხვდებოდა. რედ ბულის სამშობლოც აზიაა, კერძოდ, ტაილანდი.

რედ ბულის საწყისი ფუნდამენტი აზიური ენერგეტიკული სასმელი "კრატინგ დაინგი" იყო, რომელიც ხალხურ რეცეპტებზე დაყრდნობით ტაილანდელმა მეწარმემ, ჩალეო იოვიდიამ შექმნა. "კრატინგ დაინგი" ტაილანდის მოსახლეობის დაბალ, მუშათა ფენაზე იყო გათვლილი, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურ სამუშაოს ეწეოდნენ. დაბალი ფასიდან და ენერგეტიკული თვისებებიდან გამომდინარე, ის მალევე იქცა ტაილანდელების რჩეულ ენერგეტიკულ სასმელად.

"კრატინგ დაინგი" შაქარს, ტაურინს, გლუკოზას, B ვიტამინსა და დიდი რაოდენობით კოფეინს შეიცავდა, მართალია, ზემოხსენებული ინგრედიენტები თანამედროვე რედ ბულშიც გვხვდება, თუმცა ამ სასმელების გემოებსა და არომატებს შორის არსებითი განსხვავებაა.

საინტერესოა, რომ რედ ბულის ლოგო - ორი მებრძოლი წითელი ხარი, კაშკაშა მზის ფონზე თავად იოვიდიამ შექმნა, აგრეთვე მას ეკუთვნის ენერგეტიკული სასმლის სახელიც, კერძოდ, "კრატინგ დაინგი" ტაილანდურად წითელ ხარს ნიშნავს, ანუ რედ ბულს.

"კრატინგ დაინგი" განსაკუთრებით არაფრით გამორჩეული ენერგეტიკული სასმელი იყო აზიის მრავალფეროვან ბაზარზე, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, რაც ერთ-ერთი ბიზნეს მოგზაურობის დროს ავსტრიელი მარკეტოლოგი, დიტრიხ მატეშიცი ტაილანდში ჩადის და "ჯეტ ლაგიდან" თავის დასაღწევად "კრატინგ დაინგს" სინჯავს. ტაილანდური ენერგეტიკული სასმლის გემოთი და ეფექტით აღფრთოვანებულმა მატეშიცმა ადგილზევე გადაწყვიტა, რომ კომპანიის დირექტორს შეხვედროდა და პროდუქტის ექსპორტზე გატანის საკითხი განეხილა.

თავდაპირველად, იოვიდა მატეშიცის წინადადებას სკეპტიკურად შეხვდა, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, 1987 წელს ავსტრიაში საერთაშორისო ბაზარზე გათვლილი კომპანია რედ ბული დაფუძნდა, რომელმაც მიზანში არა აზიის ნიშური, არამედ გლობალური ბაზარი ამოიღო.

"კრატინგ დაინგის" რედ ბულად გარდაქმნიდან მოყოლებული, კომპანიის სათავეში დიტრიხ მატეშიცი ექცევა, რომელმაც რამდენიმე ათწლეულში ენერგეტიკული სასმელების კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრენდად აქცია.

რედ ბულის თანამედროვე ვერცხლისფერი ქილა და უნიკალური გემო მატეშიცს ეკუთვნის, სასმლის გაზირების იდეაც სწორედ მისი იყო.

რედ ბული ამჟამად 167 ქვეყნის ბაზარზეა წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით მისი 10 მილიარდი ქილა იყიდება.

რედ ბულის წარმატების წყალობით, $25-მილიარდიანი ქონებით იოვიდა ტაილანდის უმდიდრესი მოქალაქე გახდა, მის 51%-იან წილს კი ახლა მის შთამომავლები აკონტროლებენ; რაც შეეხება მატეშიცს, ის კომპანიის 49%-ის მფლობელი იყო, Forbes-ის შეფასებით, გარდაცვალებამდე მისი ქონება 20 მილიარდ დოლარს შეადგენდა და ის ავსტრიის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეც იყო, თავად კომპანია რედ ბულის საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 40 მილიარდი დოლარის ფარგლებშია.

ენერგეტიკული სასმელების ბაზარზე რედ ბულის დომინირების მიუხედავად, თავად კომპანიის ექსტრემალური წარმატება მის უნიკალურ მარკეტინგულ სტრატეგიასთანაა დაკავშირებული.

დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ექსტრემალური, საშიში და ამაღელვებელი სპორტის სახეობას რედ ბული ასპონსორებს - სწორედ ესაა რედ ბულის წარმატების რეალური საიდუმლო. ფორმულა 1, მოტოსპორტი, ველოსპორტი, დრიფტი, დრაგი, სქაიდაივინგი, ყვინთვა, სნოუბორდინგი და ავიაციაც კი - ეს იმ სპორტის სახელობების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც რედ ბულის მიერ დაფინანსებული გუნდები და ათლეტები მონაწილეობენ.

მატეშიცმა მალევე გააცნობიერა, რომ ენერგეტიკული სასმელში ფიზიკურ ეფექტზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წარმოსახვითი ეფექტი იყო. რედ ბულს მომხმარებლისთვის კოფეინის მაღალ დოზასთან ერთად, მენტალური "ბუსტიც" უნდა მიეცა, ის თავდაჯერებულობის და მხნეობის წყარო უნდა გამხდარიყო, ამისათვის კი საჭირო იყო, რომ ბრენდი თავად ქცეული ექსტრემალურების, გამარჯვების, ადრენალინისა და მხნეობის სიმბოლო.

დღეს ყველა ექსტრემალური ათლეტის, ბოლიდის, მანქანისა თუ თვითმფრინავის გაფორმებაზე ნახავთ რედ ბულის ლოგოს, უფრო მეტიც, რედ ბულს საკუთარი სპორტული გუნდებიც ჰყავს, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი, რა თქმა უნდა, უმაღლესი სარბოლო ლიგა ფორმულა 1-ია, სადაც მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი მაქს ვერსტაპენი სწორედ რედ ბულის ბოლიდით ასპარეზობს, თავად Red Bull Racing-მა კი, რაც არ უნდა სიმბოლური იყოს, ჩემპიონობა მატეშიცის დაღუპვის მეორე დღეს მოიპოვა. ბუნებრივია, სარბოლო გუნდმა და ვერსტაპენმა ტრიუმფალური გამარჯვება კომპანიის დამფუძნებლის ხსოვნას მიუძღვნეს.

მატეშიცის მარკეტინგული ხედვა და სტრატეგია საკმაოდ მარტივი, თუმცა ნამდვილად გენიალური იყო - რედ ბული არ უნდა ყოფილიყო უბრალოდ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანია, ის, პირველ რიგში, უნდა გამხდარიყო ბრენდი, რომელიც მებრძოლი წითელი ხარებით დამშვენებული ქილით მომხმარებელს გაფრთიანების, ძლევამოსილებისა და გამბედაობის ექსტრემალურ შეგრძნებებს მისცემდა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები