შესაფუთი მასალების სექტორი იქნება დღევანდელი გადაცემის ფოკუსში, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთ მზარდ სექტორად ჩამოყალიბდა. 2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, ქვეყნის ადგილობრივი წარმოებისა და იმპორტის წილი თითქმის თანაბარი იყო, 2022 წლის მდგომარეობით კი ადგილობრივი წარმოების წილი 78%-მდეა გაზრდილი.
შთამბეჭდავად გამოიყურება საექსპორტო მაჩვენებლები. 2022 წელს 48,6 მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა, გასულ წელს 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტი 55,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს ინფორმაცია გაეროს მიერ შემუშავებული 2022 წლის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით გაკეთდა და შეფუთვების სექტორის შეფასებას მოიცავს ყველა ტიპის შეფუთვების გათვალისწინებით.
ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება ქაღალდის მუყაოსა და პლასტიკის შეფუთვების მიმართულებით. შესაფუთი სამალების კლასტერის ინფორმაციით, საერთო ექსპორტის ზრდა ძირითადად ტომრებისა და შესაფუთი პაკეტების ექსპორტის ზრდამ განაპირობა.
ქართული შესაფუთი მასალების ძირითადი საექსპორტო ბაზარი მეზობელი სახელმწიფოებია. კერძოდ, გასულ წელს 32 მილიონი დოლარის ღირებულების შესაფუთი მასალები გავიდა აზერბაიჯანში, რაც მთლიანი ექსპორტის 60%-ს წარმოადგენს. ექსპორტის 13% მოდის სომხეთზე, 7% პოლონეთზე, 1,2 მილიონის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა შტატებში და მას მთლიან ექსპორტში 2%-იანი წილი უჭირავს.
რაც შეეხება იმპორტს, 1%-ით შემცირდა გასულ წელს ქვეყანაში შესაფუთი მასალების იმპორტი. თუ 2022 წელს მთლიანი იმპორტი 232 მილიონი დოლარი იყო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 230 მილიონამდე შემცირდა.
საქართველოში შემფუთველთა კლასტერის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დონორების დაფინანსებამ. უკვე დასრულდა ევროკავშირის და გაეროს 5 წლიანი, 5 მილიონი ევროს მოცულობის პროგრამა, რომლის ფარგლებში შექმნილი ბიზნეს კლასტერები საქმიანობას უკვე დამოუკიდებლად აგრძელებენ.
2018 წელს, როცა შემფუთველთა კლასტერი შეიქმნა, უკვე არსებობდა 10-მდე ძლიერი კომპანია, ამ ეტაპზე კი კლასტერი 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, რომელთა მიერ წარმოებული ქართული შესაფუთი მასალები ხარისხითა და ფასით საკმაოდ კონკურენტუნარიანია საექსპორტო ბაზრებზე.
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი;
სტუმარი: სალომე ქარელი - "შემფუთველთა კლასტერის" საბჭოს წევრი;