ადგილობრივებსა და უცხოელ ტურისტებისთვის საქართველოს მაღალმთიანი რეგიონი წლიდან წლამდე უფრო პოპულარული ხდება, თუმცა რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და ადგილზე არსებული გამოწვევები ტურიზმის დარგის წარმომადგენლების წუხილის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. ამაზე სასტუმროს დამფუძნებლები თუ მმართველები მედიასთანაც აქტიურად საუბრობენ. მიუხედავად ამისა ბიზნესის მხრიდან სვანეთით დაინტერესება მზარდია და ადგილზე განთავსების ობიექტების რიცხვიც მატულობს. ყველა მათგანის ხელმძღვანელი კი სამთო კურორტის განვითარების აუცილებლობასა და მიმზიდველობის ზრდის საჭიროებაზე საუბრობს.
სვანეთის, როგორც ოთხსეზონიანი ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარების სტრატეგიაზე ფიქრი და მუშაობა ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერილ პროექტ GRETA-ს ფარგლებში, კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაიწყო. ზემო და ქვემო სვანეთის “ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა” 5 სტრატეგიულ მიზანს, 42 ქმედებას და 122 კონკრეტულ აქტივობას მოიცავს, რომელთა შესრულება ხუთ წელზეა გაწერილი. ახალ დოკუმენტზე კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფი ვანო ვაშაყმაძის ხელმძღვანელობით 6 თვე მუშაობდა. სვანეთის ტურიზმის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ტურიზმის მდგრადი განვითარების საჭიროებებისა და ქმედებების განსასაზღვრად შეიქმნა. დოკუმენტი ყველა დაინტერესებული მხარისთვის, იქნებიან ეს ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები, მუნიციპალური და ეროვნული დაინტერესებული მხარეები, სვანეთის DMO თუ განვითარების სააგენტოები, გზამკვლევს წარმოადგენს.
სტუმარი: ვანო ვაშაყმაძე - კავკასიის საკონსულტაციო ჯგუფის დირექტორი, ტურიზმის ექსპერტი; ინტერვიუერი: ვიქტორია მღებრიშვილი - bm.ge-ის რედაქტორი;