საპოლიციო გამოსახლების გაუქმებამ კარგად გამოაჩინა ჩვენი კანონმდებლობის ხარვეზი, როცა უძრავი ქონების მესაკუთრეს სასამართლოში დავის გარდა აღარ დარჩა ბერკეტი, მაგალითად დამქირავებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის და ფართის არდატოვების შემთხვევაში საკუთრების უფლება აღიდგინოს. პრობლემა განსაკუთრებით გამძაფრდა გასულ წელს, აქტიური მიგრაციის დროს, როცა დამქირავებლები ფართის მესაკუთრეებს თანხას არ უხდიდნენ და არც ფართს ტოვებდნენ. როგორც იურისტები ამბობენ, პრობლემა აქტუალურია დღესაც. ამ სიტუაციაში კი ერთადერთი გზა რჩება მესაკუთრეს, სასამართლოში წავიდეს და იდავოს, რაც არსებული გამოცდილებით შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ამ მიმართულებით კარგი სიახლეა ის, რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს ინიციატივა, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია, რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.
ეს მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და როგორც აღსრულების ეროვნულ ბიუროში განგვიცხადეს, კანონპროექტს სამინისტრო პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგენს.
მას შემდეგ, რაც ინიციატივა კანონის სახეს მიიღებს, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული.
მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ამ ცვლილების შედეგად აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში წლობით ჭიანურდება.
რამდენად სწორი იყო საპოლიციო გამოსახლების გაუქმება, რას შეცვლის ახალი სამართლებრივი ნორმის გაჩენა კანონმდებლობაში და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა იჯარის თუ ქირავნობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლის დროს?
ინტერვიუერი: ელენე გოგბერაშვილი - BMG-ის ჟურნალისტი
სტუმარი: ნინო ლიპარტია - იურისტი, საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის თავმჯდომარე;