#რედაქტ2: განათლება და ტექნოლოგიები - რამდენად სწორად ვითარდება ქვეყანა? - ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან / 14.03.2024
“ზოგადი განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს ღირსეული მოქალაქე, რომელიც იზრუნებს ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე და გაცნობიერებული ექნება უფლება-მოვალეობები” - სწორედ ასე დაგვიანონსა საქართველოს ახლადდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განათლების ახალი სტრატეგია, რომელიც მისივე თქმით, 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ არ განახლებულა.
ბუნებრივია, მიდგომა საერთოა და პრემიერის პათოსს ეთანხმება გიორგი ამილახვარიც, განათლების ახალი, ჯერ მხოლოდ საჯარო განცხადებებისას აღწერილი სტრატეგია ეროვნულ იდენტობაზე, ღირებულებებზე, პატრიოტიზმსა და ოჯახზე ამახვილებს ყურადღებას. რაც შეეხება ოფიციალურ დოკუმენტს, ხედვას, გეგმას ან სამუშაო ვერსიას - ჯერ დეტალები ცნობილი არ არის. ასევე საჯარო განცხადებებიდან ვიცით, რომ მოქმედი მთავრობა პრიორიტეტულად პროფესიულ განათლებას, მასწავლებლებისთვის მოტივაციის ამაღლებას და სკოლებთან ერთად უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში ცვლილებებს მიიჩნევს.
დეტალური მსჯელობა განახლებულ სტრატეგიაზე დოკუმენტის სამუშაო ვერსიის არსებობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუმცა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს დოკუმენტი, ესეც საინტერესოა.
ფაქტია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის გარიჟრაჟზე ამ დრომდე არაფერი თქმულა გლობალურად ყველაზე განვითარებად და საქართველოში საკმაოდ მზარდ ინდუსტრიაზე - IT ტექნოლოგიებსა და ციფრულ მიმართულებებზე, გლობალიზებულ სამყაროში კონკურენტუნარიანი განათლებით და თანამედროვეობაზე ადაპტირებული მოქალაქის მომზადებაზე.
უკვე არსებულ შრომით ბაზარს თუ გადავხედავთ, Galt & Taggart-ის IT სექტორის კვლევის მიხედვით, სექტორის სწრაფი ზრდა საგადასახადო შეღავათებმა და კომპანიების რელოკაციამ განაპირობა. კომპანიების რელოკაციის შემდეგ კი, საშუალო ხელფასი IT სექტორში გაორმაგდა. 2023 წელს სექტორში საშუალო ხელფასი 7 192 ლარი იყო. მაშინ, როცა 2022 წელს ანაზღაურება - 6 118 ლარს შეადგენდა.
კვლევის მიხედვით, კომპანიების შემოსავალი 2023 წელს 2 მილიარდამდე დოლარი იყო, მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი. აქვე აღსანიშნავია, რომ ბაზრის ლიდერების უმეტესობა უცხოური კომპანიაა. უცხოური კაპიტალის წილი 2023 წლისთვის 60%-ს შეადგენდა.
რამდენად სწორად მიდის ქვეყანის განათლების სისტემა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ განვითარების ეტაპებით განვითარებულ ქვეყნებს დავეწიოთ ან სულ მცირე სწორება კონკურენტულ ინტელექტუალურ რესურსზე გვქონდეს, რა კეთდება სწორად, ან რა უნდა გაკეთდეს?
სტუმარი: ნანა დიხამინჯია - "ალტე უნივერსიტეტის" ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი;
ინტერვიუერი: ინგა მურუსიძე - bm.ge-ის რედაქტორი.