სოციალური ქსელი Reddit-ი საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო განთავსებისთვის ემზადება, რითაც კომპანიას $748 მილიონის მოზიდვა სურს - კომპანიის აქციონერები, ჯამში, 22 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავენ, ხოლო ერთეულის ფასი $31-დან $34-მდე შუალედში განისაზღვრება. გამოდის, რომ Reddit-ის შეფასება $6.5 მილიარდი იქნება, რაც მნიშვნელოვანი კლებაა კომპანიის მიერ 2021 წელს ჩატარებულ საინვესტიციო რაუნდთან შედარებით, როცა სოციალური ქსელის ღირებულება $10 მილიარდად განისაზღვრა.
2005 წელს დაფუძნებულ Reddit-ს, ამ ეტაპზე, ყოველდღიურად 73.1 მილიონი ადამიანი იყენებს, ხოლო თავად კომპანია წაგებიანია. 2023 წელს, Reddit-მა $804 მილიონის შემოსავალი მიიღო და $91-მილიონიანი წაგება დადო, როცა 2022 წელს შემოსავალი $667 მილიონი იყო, წაგება კი - $159 მილიონი. Reddit-ის უმსხვილესი აქციონერი საგამომცემლო ჰოლდინგი Advance Magazine Publishers-ია, რომელიც, თავის წილ, ნიუჰაუსების ოჯახის საკუთრებაში არსებულ მედიაიმპერიას ეკუთვნის.
Reddit-ი სოციალური ქსელების პირველი ტალღის ნაშიერია – ის 2005 წელს დაარსდა და დღემდე საკმაოდ პოპულარულია როგორც ახალი ამბების აგრეგატორი, რომელსაც ზურგს საკმაოდ ძლიერი კომუნა უმაგრებს. სოციალურ ქსელში 430 მილიონი მომხმარებელი არის რეგისტრირებული – ისინი 100 ათასზე მეტ ჯგუფში ერთიანდებიან.