კომპანია „რედკოს“ შეფასებით, გუდაურში სეზონი წარმატებით მიმდინარეობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ კუნელაური ამბობს, რომ კურორტს ორი მიმდინარე ომის პირობებში და 4-წლიანი ჩავარდნის შემდეგ, დამსვენებლების საკმაოდ დიდი რაოდენობა სტუმრობს.
„არის ბევრი მითქმა-მოთქმა სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ კომპანიას, რომელსაც ახალი გუდაურის მთავარი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების 90% უკავია, შესაბამისად ვართ მსხვილი კონტრიბუტორები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2019 წლის შემდეგ წელს პირველად, გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი წარმატებით მიმდინარეობს.
4-წლიანი ჩავარდა ჰქონდა სეზონს, ჯერ პანდემია იყო, მანამდე წყლის პრობლემა, გასულ სეზონზე თოვლი არ მოვიდა, ამიტომ შედარება 2019 წლის ნიშნულზე მართებული არ იქნება. წელი ახლა დაიწყო, მონაცემები არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ციფრები იქნება პოზიტიური, რადგან უხვი ნალექია და არიან ტურისტები. მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან 2018 წლამდე, როცა მთის კურორტების განვითარება მიმდინარეობდა და ეს ეხებოდა გუდაურს, ბაკურიანს, სვანეთს და გოდერძის, ჯამში, ამ ოთხი კურორტის დატვირთულობა გაიზარდა 491%-ით. ეს ზრდა ყველაზე თვალშისაცემი იყო გუდაურისთვის, 2019 წელს დაფიქსირდა 350 ათასი ვიზიტორი უშუალოდ გუდაურში. ეს მუდმივი განვითარების პროცესი მომდევნო 4 წელში შეაფერხა ზემოთ ნახსენებმა სხვადასხვა პრობლემამ, ამიტომ პირდაპირ 2019 წელთან შედარება არ არის გონივრული,“ - განმარტავს კუნელაური.
ტურისტების რაოდენობის ზრდის წინაპირობად კომპანიაში მათ მიერ შექმნილ ინფრასტრუქტურას განიხილავენ და აცხადებენ, რომ გუდაური სტუმრების მესამედის მიღებასაც ვერ შეძლებდა, რომ არა კომპანიის მხრიდან 15 სასტუმროს ტიპის აპარტამენტის აშენება, რომელიც ჯამურად 4 000-მდე ნომერს მოიცავს.
„350 ათას ვიზიტორს კი არა, მაგის მესამედს ვერ მიიღებდა კურორტი, რომ არა „რედკოს“ მხრიდან 4 000 ნომრის შექმნა. ამას ემატება ასევე სახელმწიფოს ჩართულობა იმ კუთხით, რომ 2010 წელს გაიხსნა პირველი გონდოლა, რომელსაც წელს მეორე დაემატა. უშუალოდ „რედკოს“ ტერიტორიის განვითარება ხდება კანადური კომპანია „ეკოსაინის“ მიერ, მათი გაკეთებული განაშენიანების რეგულირების გეგმით. ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ აბსტრაქტულად, შედეგი გვაქვს ის, რომ შეიქმნა 15 სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი აპარტოტელი, სადაც უამრავი დამსვენებელია. როცა ამ სეზონს ვაფასებთ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ საომარი მოქმედებები, რომელიც მიმდინარეობს. ორი უმსხვილესი კომფლიქტი გავლენას ახდენს როგორც რეგიონზე, ისე ევროპაზე. რთულია ამ მოცემულობების გათვალისწინებით ისეთი წარმატებული სეზონის გამართვა, როგორც ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა პირობებში.
საუბრობენ პარკინგების პრობლემებზე. მინდა გითხრათ, რომ უფასო პარკინგების რაოდენობა გვაქვს 1000 მანქანაზე, 3 000-ზე გვაქვს ფასიანი. ამას გარდა ყველა შენობას აქვს 2 000-მდე პარკინგი. აქ ადმინისტრირების პრობლემა უფრო მეტად არის. სჭირდება სახელმწიფოს ჩართულობა, რომ მოხდეს თვითნებურად დატოვებული მანქანების შეყვანა პარკინგებში. დამატებითი განსაკუთრებული გამოწვევა კურორტს არ აქვს. ცხადია უფრო მეტი რეკლამა გვჭირდება. თებერვალში ტარდება მსოფლიო თასი, ეს უპრეცედენტო მოვლენაა გუდაურისთვის და ეს გადაიცემა "ევროსპორტზე." გვექნება გაშუქება მთელ მსოფლიოში, რაც აქტუალიზაციას შესძენს კურორტს, ასევე დაგეგმილია ჯაზ ფესტივალი. ასე რომ ტურისტების მაქსიმალურად მოზიდვა ჩვენი მხრიდან და სახელმწიფოს მხრიდანაც მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ წელი იქნება წარმატებული,“ - განაცხადა კუნელაურმა.