რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდა, რაც ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულზე მაღალ ფასად წამლების რეალიზაციას უკრძალავს. პირველ ეტაპზე რეგულაცია 1200-მდე მედიკამენტს შეეხო, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით კი წამლების ჩამონათვალი რამდენიმე ეტაპად გაფართოვდა. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.
ფასების საერთაშორისო შედარებისთვის საქართველო იყენებს ოთხი რეფერენტული ქვეყნის რეფერენტულ ფასებს. ეს ქვეყნებია: ლატვიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, ბულგარეთის რესპუბლიკა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.
ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაბაზრის რეგულირების შედეგებით კმაყოფილია. ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად შეამცირა.
მეორე მხრივ რეფერენტული ფასების დაწესებას ჰყავს კრიტიკოსებიც. რამდენიმე დღის წინ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც რეფერენტული ფასის არასწორ პოლიტიკაზე და ამ მიზეზით ბაზარზე შექმნილ დეფიციტზე საუბრობს.
„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა,“ - ნათქვამია განცხადებაში. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა დღეის მდგომარეობით, საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.