ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე, DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლის და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ მოხსენება წარმოადგინა. საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდა კერძო სექტორი, ჩვენი მაყურებელი მოისმენს იმ კომენტარებს, რაც პარლამენტში გაკეთდა, ჩვენს სტუმრებთან კი უკვე კერძო სექტორის პრიზმიდან შევაფასებთ რა ეფექტი აქვს ამ რეფორმებს როგორც ჰოსპიტალურ, ისე ფარმაცევტულ სექტორში.
დავიწყოთ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასთწარმოქმნის დაწესებით. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 1000-ზე მეტ მედიკამენტზე რეალიზაციის მაქსიმალური ზღვარი დაწესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დადგენილ რეფერენტულ ფასზე ზემოთ წამლის რეალიზაცია აიკრძალა. ეს ნუსხა ეტაპობრივად გაფართოვდა და როგორს სამინისტრო აცხადებს, რეფორმის მეოთხე ეტაპზე რეფერენტული ფასი 3200 დასახელების მედიკამენტზე გავრცელდება. მთავარი დადებითი ეფექტი, რაც ამ რეფორმამ მოიტანა, სამინისტროს შეფასებით, წამლების 45%-ით გაიაფებაა. მართალია, მოსახლეობის დანახარჯები მედიკამენტებზე შემცირდა, თუმცა კომიტეტზე არავის უსაუბრია იმ უარყოფით შედეგებზე, რაც წამლებზე ფასების რეგულირებამ მოიტანა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერნტული ფასწარმოქმნის მოდელი ყველა ასპექტში ხარვეზიანია - თვლის ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია. მათი შეფასებით, განსაკუთრებით ხარვეზიანია ფასწარმოქმნის მეთოდოლოგია, შესაბამისად არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების პირობებში მედიკამენტების 90% დატოვებდა ბაზარს.
რა მოიტანა წამლებზე ფასების რეგულირებამ, ერთი მომხმარებლისთვის და მეორე ფარმაცევტული ბიზნესისთვის?
სტუმარი: ილონა კოკიაშვილი - "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი;