ფასების საპარლამენტო კომისიაზე "PSP ჯგუფის" ჯანდაცვის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა, რომ რეფერენტული ფასები რეცეპტული მედიკამენტების 100%-ზე უნდა გავრცელდეს. „ამას ველოდები“, - განაცხადა მან.
კომისიაზე "PSP ჯგუფის" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კერძოდ კომპანიის კომერციულმა დირექტორმა ვახტანგ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე ჯამურად 5000-მდე მედიკამენტის რეალიზაციას ახდენენ, საიდანაც 50% რეცეპტულია, 50% კი - არარეცეპტული.
„რეცეპტულის 70% შემთხვევაში რეფერენტული ფასები მოქმედებს, არაცეპტულის 10%-ია მოყოლილი რეფერენტული ფასწარმოქმნაში“, - აღნიშნა მან.
გიორგი რამიშვილის თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ რეცეპტულის 70% უნდა გახდეს 100%.
„რეფერენტული ფასების დადგენას ჩვენ 2009 წლიდან ველოდებოდით და კარგია, რომ ეს ასე მოხდა და ხდება“, - აღნიშნა რამიშვილმა და რეფერენტული ფასების ამოქმედების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება, - „როცა სახელმწიფომ დაარეგულირა ფასები რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ მომწოდებლებიც და ადგილობრივი ქსელიც მოერგო ამ სქემას და ფასებმა დაიწია. ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ გარკვეული მედიკამენტები დატოვებდნენ ბაზარს, თუმცა, საბოლოო ჯამში ძირითადი მედიკამენტების უდიდესი ნაწილი ისევ სახეზეა. ამიტომ თუ 70% გახდება 100%, იგივე სიტუაცია იქნება“.
"PSP ჯგუფს", რომელიც საქართველოს ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს, კომპანიის წარმომადგენელთა ცნობით, ამ დროისთვის 354 აფთიაქი აქვს ქვეყნის მასშტაბით. მათ ბრუნვაში მედიკამენტების წილი 60%-ია. დანარჩენი (თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, ბავშვის მოვლა და ა.შ.) - 40%.
“ჯამში, 1 მილიარდ ლარამდე გვაქვს გადახდილი ბიუჯეტში გადასახადების სახით, წლიურად 40 მლნ ლარამდე ვიხდით გადასახადებს. მარტო ფარმასექტორში მუშაობს 4000-მდე ადამიანი, ხოლო მთლიანად ჯგუფში 9000-მდე ადამიანი. კომპანია დაკავებულია როგორც ფარმაცევტული დისტრიბუციით, ასევე, საცალო რეალიზაციით.
მწარმოებელი აგზავნის საქართველოში მედიკამენტებს, ჩვენ მათ ვანბაჟებთ და ვანაწილებთ ჩვენს აფთიაქებში და სხვასაც ვაწვდით. ჩვენ გვაქვს ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს მიღებას, დასაწყობებას, GMP სტანდარტის დაკმაყოფილებას და ა.შ. პასუხისმგებელი ვართ მწარმოებლის მიერ მედიკამენტების საქართველოში გადმოტვირთვიდან აფთიაქის დახლამდე“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მედიკამენტების მიწოდების ერთკომპონენტიანი ჯაჭვი ვერ იარსებებს, ორკომპონენტიანი კი არის სრულიად ოპტიმალური.




























