რისკები იმისა, რომ ბაზრიდან გარკვეული დასახელების ევროპული მედიკამენტები გაქრეს და ის დაბალხარისხიანმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს სულ უფრო იზრდება. მიზეზი რეფერენტული ფასების მექანიზმის ამოქმედებაა. დარგობრივი ასოციაციები ფასების დადგენის არსებული მეთოდოლოგიის გადახედვას ითხოვენ. ფარმაცევტული ასოციაციის ინფორმაციით, მინიმუმ 1200 მედიკამენტი არის მწვავე დეფიციტში და არსებობს წამლები, რომლებიც ამ მოცემულობით მარაგების ამოწურვის შემდეგ ბაზარზე ვეღარ შემოვა. ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან გოგიბერიძის განცხადებით, სამინისტროსა და დისტრიბუტორებს შორის უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო, რადგან ფასების რეგულირების მექანიზმი ფართოვდება. სექტორს კი ინფორმაციის ნაკლებობის გამო უჭირს პროცესების გადაწყობა, რაც საბოლოოდ ჯამში მომხმარებელს აზარალებს. როგორც ცნობილია, მიმდინარე თვის დასაწყისში წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200 -ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა. როგორც დარგობრივი ასოციაციები ამბობენ, მედიკამენტების ჩამონათვალი წლის ბოლომდე გაიზრდება და ფასების რეგულირების მექანიზმი ჯამში 7000-მდე დასახელების მედიკამენტზე გავრცელდება.