ფარმაცევტული კომპანია „PSP ჯგუფის“ დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი თავის მორიგ განცხადებაში, ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს და რეფერენტული ფასების დაწესებისას ფარმაცევტების ღირსეული ხელფასის გათვალისწინებასაც ურჩევს.
„რეფერენტული ფასების დაწესება, ანუ ფასების დარეგულირება იმგვარად უნდა მოხდეს, რომ აფთიაქებში დასაქმებული ფარმაცევტები, რომლებიც მთავრობას მაღაზიის გამყიდველები ჰგონია, იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას, რომელიც 1 500 ლარს უნდა აღემატებოდეს. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ხელფასები არ არის, დარგში არსებული ზეკონკურენციის გამო. ამავდროულად, კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ ევროპული სტანდარტის მოგება, რათა უზრუნველყონ ყველა ტიპის მედიკამენტის ხარისხიანი შენახვა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა“, - აცხადებს ოქრიაშვილი.
ფარმაკომპანიის დამფუძნებელი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრალდებებს პასუხობს, რომელიც ონკოლოგიურ მედიკამენტებზე კომპანიის მხრიდან არასამართლიანი ფასების დაწესებას შეეხება და აცხადებს, რომ სამართლიანი ფასების განსაზღვრისთვის სახელმწიფოს ორი ინსტრუმენტი აქვს, რომლის შემოღებასაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში თავად ბიზნესი ითხოვდა.
„ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი:
1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვისაც, ჯერ კიდევ სერგეენკოს მინისტრობის დროს, ჩემი რეკომენდაციით, დაარსდა სპეციალური სააგენტო, რომლის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ გამოაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი და მიიღოთ უდაბლესი ფასები მედიკამენტებზე, რადგან მოხმარების სტატისტიკა არსებობს. სწორედ ეს უდაბლესი ფასი იქნება ყველაზე სამართლიანი.
2. მეორე ინსტრუმენტი არის რეფერენტული ფასების დაწესება, რომლის შემოღებასაც საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრია 10 წელიწადზე მეტია ითხოვს, რათა დასრულდეს საუბარი ფასების სამართლიანობაზე“, - წერს ოქრიაშვილი განცხადებაში.