მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული მედიკამენტების სიის გაფართოების შესახებ პოსტფაქტუმ შევიტყვეთ - ფარმაცევტული ასოციაცია

წამალი

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია რეფერენტული მედიკამენტების სიის გაფართოების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დარგმა ამის შესახებ ოფიციალური წყაროდან პოსტფაქტუმ შეიტყო.

ფარმაკომპანიების ასოციაცია აცხადებს, რომ მსგავსი დამოკიდებულება სახელმწიფო უწყების მხრიდან რისკს უქმნის პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის უწყვეტობას.

"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს საზოგადოებას აცნობოს რეგულატორის მხრიდან მორიგი ურთიერთთანამშრომლობის იგნორირების ფაქტის თაობაზე.

გუშინ საღამოს გამოქვეყნდა რეფერენტული მედიკამენტების სიაში შესაყვანი მედიკამენტების მორიგი პოზიციები.

დარგმა ამ ცვლილების თაობაზე ოფიციალური წყაროდან პოსტფაქტუმ შეიტყო.  სამწუხაროდ, რეგულატორი ვერ აცნობიერებს რისკებს, რაც მოსდევს ამგვარ დამოკიდებულებას და რაც მთავარია რისკს უქმნის პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობის უწყვეტობას. მათ ვისაც ესმის ფარმაცევტული სექტორის ოპერირების თავისებურება, არ სჭირდება იმის განმარტება, თუ რა პროცედურებთანაა დაკავშირებული ნებისმიერ მედიკამენტზე ცვლილებების ასახვა, ამ მედიკამენტთან დაკავშირებული ხელშეკრულებების/შეთანხმებების პირობების ცვლილება და შემდგომ ამავე მედიკამენტის უწყვეტი მოწოდების გარანტიის მიღება. 

ვწუხვართ, რომ მორიგ ჯერზეც სექტორის მიმართ იგივე, განყენებული დამოკიდებულება დააფიქსირა რეგულატორმა და პრაქტიკულად ტრადიციად ჩამოაყალიბა მსგავსი ქცევა. 

ჩვენს ძვირფას საზოგადოებას ვთხოვთ, მაქსიმალურად გაგებით მოეკიდოს მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებულ შესაძლო შეფერხებებს, რაც გამოწვეულია ახალ სიებთან დაკავშირებულ საოპერაციო  პროცედურებთან. აღნიშნულ მედიკამენტებზე ამ ეტაპზე არ არის და ბუნებრივია ვერ იქნებოდა მომწოდებელ მხარესთან საშეღავათო პირობები შეთანხმებული და შესაბამისად, არც იმ მასშტაბების მარაგებია შექმნილი, რომ არსებული მარაგების ხარჯზე ხანგრძლივი პერიოდით უზრუნველვყოთ ბაზარი.

ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას", - წერია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში. 

ცნობისთვის, რეფერენტულ ფასებს დაქვემდებარებული მედიკამენტების სია გაფართოვდა და ჩამონათვალს კიდევ 900-მდე წამალი დაემატა. მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები