მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფორმა „საქართველოს რკინიგზაში“

„საქართველოს რკინიგზაში“ რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფო კომპანიის 50%-იანი წილი მართვაში უკვე გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, 50% -ს კი კვლავ ეკონომიკის სამინისტრო მართავს. ევროდირექტივების შესრულების ფარგლებში, “საქართველოს რკინიგზა” სამ კომპანიად უნდა გაიყოს: სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სამგზავრო და სატვირთო ოპერატორები. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე bm.ge-სთან განმარტავს, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კორპორატიზაციის პროცესი ითვალისწინებს ასევე სოციალური მიმართულებით გასაწევი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდას. ამ მიმართულებით აღსანიშნავია სარკინიგზო სამგზავრო გადაყვანები, რომლის დასასუბსიდირებლად კომპანია საშუალოდ წლიურად 50 მილიონ ლარს ხარჯავს. როგორც გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ამ მიმართულებით მთავრობას მომავალი წლის ბიუჯეტში გარკვეული თანხების გათვალისწინება მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზა მთავრობას ამ გადაწყვეტილების მიღებას წლების განმავლობაში სთხოვდა, რადგანაც მისთვის სამგზავრო გადაყვანები წაგებიანი სეგმენტი იყო, რის სუბსიდირებასაც საკუთარი ბიუჯეტიდან ახდენდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ფისკალური რისკების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს რკინიგზამ მგზავრების გადაყვანის სუბსიდირებისთვის 38.6 მლნ ლარი მიმართა.

რკინიგზაში შექმნილია ახალი სსიპ-იც - საუბარია სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოზე, რომელიც სარკინიგზო სექტორს ზედამხედველობას და მონიტორინგს გაუწევს. სარკინიგზო კოდექსში ცვლილებებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია. არსებული ინფორმაციით, სააგენტო უკვე დაკომპლექტდა, თუმცა დაიწყო თუ არა სფეროს ახალმა ზედამხედველმა ფუნქციების შესრულება უცნობია.

სტუმარი: პაატა ცაგარეიშვილი - “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი;