საქართველოს ექსპრემიერის, ნიკა გილაურის მიერ დაფუძნებულმა საკონულსტაციო კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კონტრაქტი გააფორმა - ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს უცხოური აგენტების ლობისტური საქმიანობის რეგულირების სააგენტოს FARA ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ხდება ცნობილი.
კონტრაქტის ღირებულება 600,000 დოლარს შეადგენს და ის ლობისტურ კომპანია Continental Strategy-ისთან გაფორმდა.
ამ კონტრაქტის ფარგლებში, Continental Strategy-ის მთავარი მიზანი იქნება საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. კომპანიას დაევალა, დაამყაროს და განამტკიცოს ურთიერთობები აშშ-ის აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოს საკვანძო პირებთან, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის ფორმირებას და ორი ქვეყნის ინტერესების შესაბამისობას.
კონტრაქტის მიხედვით, Continental Strategy-ის წარმომადგენლები უშუალოდ ჩაერთვებიან აშშ-ის მთავრობის შესაბამის უწყებებსა და დეპარტამენტებში მიმდინარე პროცესებში. ასევე, ისინი აქტიურად ითანამშრომლებენ კონგრესის იმ კომიტეტებთან, რომელთაც აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებზე პირდაპირი გავლენა აქვთ.
Reformatics-ის ინტერესების დაცვა მოხდება სამი ძირითადი მიმართულებით:
- აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება;
- დემოკრატიის, ანტიკორუფციული ინიციატივებისა და მმართველობითი რეფორმების მხარდაჭერა;
ამ მიზნების მისაღწევად, Continental Strategy გამოიყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებას და აშშ-ის პოლიტიკურ წრეებთან აქტიურ კომუნიკაციას.
კომპანია ასევე იმუშავებს მედიასა და ღია წყაროებზე დაფუძნებულ კვლევებზე, რათა უზრუნველყოს ლობისტური და ადვოკატირების პროცესების გამყარება შესაბამისი მონაცემებითა და ფაქტებით. მისი ამოცანაა, ამერიკულ ხელისუფლებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერა ვაშინგტონში.
ამ ექვსთვიანი კონტრაქტის ფარგლებში, Reformatics ყოველთვიურად 100,000 დოლარს გადაიხდის Continental Strategy-სთვის, რაც ჯამში 600,000 დოლარს შეადგენს. აღნიშნული თანხა განკუთვნილია კომპანიის მიერ გაწეული მრჩეველობითი და ლობისტური საქმიანობისთვის, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ურთიერთობას.