პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საქმიანობენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის მხარდამჭერია და შესაბამისად, სკოლის პირველი ნაკადის შეხვედრების სერია შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით გაიხსნა.
პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისკუსიის თემა იყო ,,რეფორმები, ბიზნესი და პარლამენტი“.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საჯარო სექტორზე, საჯარო მმართველობაზე, მნიშვნელოვანია იყოს კომუნიკაცია არა მხოლოდ ფორმალურ დონეზე - სისტემებით და წერილებით, არამედ ურთიერთობის ქსელით, რომელიც ყოველთვის ყველა სისტემაში აადვილებს ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობას და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამიტომ, ასეთი სახის პროექტები, რომელიც ამ ქსელს აძლიერებს, ერთმანეთთან კომუნიკაციას უადვილებს და ფორმალურის მიღმა არაფორმალურ კომუნიკაციასაც ამყარებს, მხოლოდ მისასალმებელია და მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ამ პროექტის მიმართ მხარდაჭერა გამოვხატო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ეროვნულ მიზნებზე და ამოცანებზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჯერ კიდევ ტრანსფორმაციის პერიოდს გადის, ეკონომიკურად გარკვეული დონის მიღწევა სჭირდება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა და ამისკენაა მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი ის გადაწყვეტილებები, რომელსაც პარლამენტი მთავრობასთან ერთად იღებს. თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში, ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ლიდერი ვართ არამარტო რეგიონში, არამედ ევროკავშირთან შედარებითაც“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის თანმხლებ გამოწვევებზე.
როგორც მან აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების 55 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ კუთხით საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით წინ არის.
„პარლამენტი ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა, რომელიც ამ რეგულაციების შესრულებაზე ზრუნავს საკანონმდებლო დონეზე, თუმცა შემდეგ უკვე სამინისტროები, კანონქვემდებარე აქტების დონეზე, მიჰყვებიან ამ პროცესს იმისთვის, რომ ყველა ეს რეგულაცია დაინერგოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




























