საფინანსო სექტორის ნაწილში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის მიუხედავად, დაკრედიტებაზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
კომპანია „კრისტალში“, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია ცოტა ხნის წინ მიიღო, განმარტავენ, რომ მათ ძირითად სეგმენტში, რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის მხრიდან დაკრედიტებაზე მოთხოვნა ნარჩუნდება.
როგორც „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, გასული წელი კომპანიამ გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლებით დაასრულა. ილია რევიას თქმით, მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს საკრედიტო პორტფელის 15%-ის ფარგლებში ზრდას შეძლებენ.
„ჩვენ ძირითადად რეგიონებში ვმუშაობთ და [არასტაბილურობა] რეგიონებს ნაკლებად დაეტყო. დაკრედიტების მიმართ მოთხოვნა არ შემცირებულა და შესაბამისად, ჩვენც ვემსახურებოდით ჩვენს მომხმარებლებს. ფინანსურ შედეგებს რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხე წელია გაუმჯობესება გვაქვს. ამ ჯერზე 22%-იანი კაპიტალზე უკუგება დავაფიქსირეთ.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მოლოდინებს, საბაზისო სცენარით, ველით, რომ 15-17%-ით გაიზრდება ჩვენი საკრედიტო პორტფელი. ეს იმით იქნება გამოწვეული, რომ მიკრო მეწარმეების სეგმენტის მომსახურებას გავაგრძელებთ და ასევე მცირე და საშუალო ბიზნესში შევალთ, სადაც უფრო დიდი მოცულობის საკრედიტო პროდუქტების საჭიროება დგას“, - განაცხადა ილია რევიამ.