დღეს კავკასიის რეგიონის ეკონომიკას და ფინანსურ მდგომარეობას მიმოვიხილავთ. ეკონომიკურად ყველაზე უცნაურ მდგომარეობაში თურქეთია, რომელიც ერთდროულად ინფლაციას, უმუშევრობას და ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ებრძვის.
ბოლო მონაცემებით, თურქეთში ინფლაციის დონე 70%-მდეა გაზრდილი. ეს კი იმ ყველაფრის მიუხედავად, რომ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 50%-მდე გაზარდა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციის ფონზე, ერთწლიან პერიოდში ეროვნული ვალუტა 40%-ითაა გაუფასურებული და ერთი დოლარის გაცვლითი კურსი ამჟამად 32.5 ლირას აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, გამოწვევების მიუხედავად, წელს თურქეთის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელი იქნება.
აზერბაიჯანში ვითარება უფრო სტაბილურადაა. წლიური საშუალო ინფლაცია 4-5%-ის ფარგლებში მერყეობს. ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 7.25%-ია.
რაც შეეხება სომხეთს, მას ეკონომიკური ზრდის მიმართულებით რეგიონში საუკეთესო შედეგი აქვს. IMF-ის პროგნოზით, წელს სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დამატებით 6%-ით გაიზრდება.
რეფინანსირების განაკვეთი სომხეთში 8.25%-ს შეადგენს, წლიური ინფლაციის დონე კი ამჟამად 3%-ის ფარგლებშია.
რუსეთთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.2% იქნება.
ოფიციალური მონაცემებით, ინფლაცია 7.7%-ის ფარგლებშია; ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი კი 16%-ს შეადგენს.
ყველაზე ცუდი მაჩვენებელი რუსეთს ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით აქვს, რომელიც ერთ წელიწადში 16%-ითაა გაუფასურებული და ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 91 რუბლს აღწევს.