IT მომსახურებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკონსულტაციო კომპანია “სქაიჰაის” აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, საქართველოში IT სექტორის ზრდის მაღალ მაჩვენებელს დიდწილად ის კომპანიები განსაზღვრავენ, რომლებიც საერთაშორისო ბაზრისთვის ასრულებენ სერვისებს.
როგორც თორნიკე თოხაძემ “საქმის კურსის ეთერში განაცხადა, ადგილობრივი IT კომპანიებიც ცდილობენ, მეტი აქცენტი საერთაშორისო შეკვეთებზე გააკეთონ.
თუმცა მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საინფორმაციო და ტექნოლოგიების დარგი სწრაფი ტემპით იზრდება, რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის სომხეთში, ამ სექტორის განვითარების ტემპი კიდევ უფრო მაღალია.
“ეს მაინც საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნაზე არის დამოკიდებული და იმ კომპანიების აქტივობაზე, ვინც საერთაშორისო ბაზრისთვის ასრულებენ სერვისებს. ეს იქნება ტექნოლოგიური თუ სხვა ტიპის სერვისი, საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად მზარდია ეს დარგიც. თუმცა, მართალია, რიცხვებში ზრდის ტემპი მაღალია და პროცენტებში დიდი ჩანს, მაგრამ ჯამში მილიარდ დოლარამდე შემოსავალი მაინც ვერ განხორციელდა.
მაგალითად რომ ავიღოთ სომხეთის შემთხვევაში, იქ გაცილებით უფრო მაღალია ტემპიც და თვითონ შემოსავლის ნაწილშიც სომხეთი ექსპორტიდან საქართველოზე ბევრად მეტ, დაახლოებით 35-40%-ით მეტ შემოსავალს იღებს IT სერვისების ექსპორტიდან. რეგიონის ქვეყნები რომ შევადაროთ, მაგალითად, სომხეთი და საქართველო რომ შევადაროთ, სომხეთი არის ბევრად წინ და აწარმოებს ბევრად უფრო მეტ ექსპორტს წლის განმავლობაში IT სერვისებს.
“სქაიჰაის” შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები და ვმუშაობთ რამდენიმე პროექტზე საზღვარგარეთის მიმართულებით, თუმცა ჩვენი სწორება მაინც რჩება ლოკალური ბაზრის რესურსების მთლიანად მაქსიმალურად გამოყენებაზე და ამისთვის გარკვეულ ინვესტიციებს და დამატებით რესურსებს გამოვყოფთ წლიდან წლამდე”, - განაცხადა თორნიკე თოხაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორმა რეკორდული $791 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია.




























