მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე, საქართველო უსაფრთხო საინვესტიციო გარემოდ მიიჩნევა" - ვასილ ფხაკაძე

ბიოგრაფი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და რეგიონული გეოპოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე პირდაპირ გავლენას ახდენს - ამის შესახებ "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე "საქმიანი დილას" ეთერში საუბრობს და აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყნისთვის კაპიტალის შემოდინების დამატებით შესაძლებლობებს აჩენს.

ვასილ ფხაკაძის თქმით, საქართველო დღესდღეობით განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წერტილი ინვესტიციებისთვის, რაც მოთხოვნის ზრდაში უკვე აისახება.

"რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს საქართველოს, პოზიციონირდეს, როგორც კიდევ უფრო მეტად უსაფრთხო საინვესტიციო გარემო. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი - და ჩვენ ამას დღესაც ვგრძნობთ - რომ კონკრეტული ქვეყნებიდან საქართველოს უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა იზრდება.

ვფიქრობთ, ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც კონფლიქტი დასრულდება, რისი იმედიც გვაქვს, რომ დიდხანს არ გასტანს. საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირება, ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებასა და უძრავი ქონების ბაზარზე დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას“, - აცხადებს ვასილ ფხაკაძე.

მისივე თქმით, ბაზარზე პირველადი შოკი უკვე გადალახულია და ინვესტორები ალტერნატიულ, სტაბილურ ბაზრებს ეძებენ.

"ბოლო რამდენიმე კვირაში ზრდა უკვე საკმაოდ შეინიშნება. როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, თავიდან იყო გარკვეული შოკისა და გაურკვევლობის მომენტი, თუმცა ახლა უკვე იგრძნობა გაზრდილი მოთხოვნა. ვფიქრობთ, როდესაც ეს დაპირისპირება დასრულდება, ინტერესი კიდევ უფრო მოიმატებს. როგორც წესი, მსგავსი გეოპოლიტიკური რყევებისას, ინვესტორებს ახსოვთ მიღებული გამოცდილება და კონფლიქტის დასრულების შემდეგაც ეძებენ უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს, რათა თავი დააზღვიონ რისკებისგან", - განმარტავს "ბიოგრაფი ლივინგის" აღმასრულებელი დირექტორი.

ვასილ ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ინვესტორთა მხრიდან ჯერ კიდევ შენარჩუნებული გარკვეული სიფრთხილისა, საქართველომ ეს შანსი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

"მართალია, ინვესტორების მხრიდან ნდობა გარკვეულწილად ჯერ კიდევ შესუსტებულია, თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, პოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი საინტერესო საინვესტიციო მიმართულება რეგიონში", - აღნიშნა ვასილ ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ბიოგრაფი ლივინგი" ქართულ დეველოპერულ ბაზარზე 3 წელია ოპერირებს, მისი პორტფოლიო კი დედაქალაქის მასშტაბით 9 პროექტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები