ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ყველაზე მომზადებულია.
„საქართველო არის ის ქვეყანა ჩვენს რეგიონში, რომელიც ყველაზე მეტად მზადაა იმისთვის, რომ დავიწყოთ უშუალოდ მოლაპარაკება აშშ-სთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ", - თქვა მან.
სამინისტროს სამომავლო პრიორიტეტებზე საუბრისას, ნათია თურნავამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს გაძლიერდება ძალისხმევა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაფართოების მიმართულებით, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების მიზნით აქტიური კონსულტაციების გაგრძელება პოლიტიკურ და ექსპერტულ დონეზე.
„ძალიან სასიხარულო იყო ის ორპარტიული მხარდაჭერის სულისკვეთება, რაც აისახა სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ამერიკელი კონგრესმენების წერილში, რომლითაც ისინი აშშ სავაჭრო წარმომადგენელს მიმართავენ და მოუწოდებენ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ უშუალო მოლაპარაკების დაწყებისკენ. ეს ძალიან იმედისმომცემი მესიჯია,“ - განაცხადა თურნავამ.




























