მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეგულაციების შემსუბუქების ტემპი ძალიან სწრაფი იყო - გაბუნია

60f0120c70488
ინგა მურუსიძე
15.07.21 15:10
1229
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეგულაციების შემსუბუქების ტემპი საქართველოში ძალიან სწრაფი იყო.

ასე უპასუხა გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის კითხვას იმის შესახებ, ხომ არ ვიჩქარეთ რეგულაციების შემსუბუქება იმ ფონზე, რომ ასე სწრაფად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა.

„მესმის, რომ ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგნოზირებას, ეს შტამი იქნება თუ ის, მაგრამ შეზღუდვების მოხსნის კუთხით რომ განვიხილოთ?“, - მიმართა კოვზანაძემ გაბუნიას.


„რეგულაციების შემსუბუქების ძალიან ტემპი სწრაფი გვქონდა. ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, მაგრამ ჯანდაცვის კუთხით ბევრად საიმედო იქნებოდა ნელი ტემპი რეგულაციების შემსუბუქების, თუმცა ამ პირობებში, რაც დღეს გვაქვს, 1300 შემთხვევაა დღეში, უკვე უნდა დავიწყოთ მსჯელობა არააუცილებელი გართობის ღონისძიებების, ბავშვთა ბანაკების შეზღუდვაზე. მაგრამ ერთია რეგულაცია და მეორე მისი აღსრულება.

ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა ნაკლები ეფექტი გვქონოდა, თუ რეგულაციებს შევამცირებდით ეტაპობრივად, მეტი ინტერვალებით, მაგრამ ახლა, როცა ამ პირობებში ვართ დღეს, ვაქცინაციის პროგრამასთან ერთად ჩვენი ბერკეტი არის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უზრუნველყოფა, მონიტორინგი და რა თქმა უნდა, არასაჭირო ღონისძიებების და თავყრილობების აკრძალვა. ჩვენს შემთხვევაში არის ის, რომ აკრძალულია დიდი თავშეყრა, თუმცა ეს ირღვევა და ასეთი ფაქტები აქვს როგორც შრომის ინსპექციას, ასევე შს სამინისტროს. გარკვეული ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიგვეცა ალბათ საზოგადოებისთვის შეზღუდვების შემსუბუქებით, თუნდაც ღამის საათებში, მაგრამ მომდევნო ორი თვე ალბათ დიდი სიფრთხილე გვმართებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად არ გავრცელდეს პანდემია შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შემაჯამებლად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყვეტილებები დროულად იქნება მიღებული.

„თქვენი მინისტრის [ეკატერინე ტიკარაძის] კომენტარი მოვისმინე, შარშან ორი გადაწყვეტილების მიღება დაგვაგვიანდაო. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე ზაფხულს ჩვენი ქვეყანა და ჯანდაცვის სპეციალისტები მიიღებთ ზუსტად იმ გადაწყვეტილებებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ ეს რთული პერიოდი და ამაში დაგვეხმარება ის გამოცდილება, რაც შარშან იყო. ჩვენ ნამდვილად ვართ კომიტეტი, რომელიც თანხების გამოყოფას ვწყვეტთ.

1 მილიარდ 100 მლნ ასიგნებებიდან 600 მლნ მიმართულია სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, მაგრამ ასევე იმედი მაქვს, რომ სამინისტრო და ყველა, ვინც გადაწყვეტილებების მიღების პროცესშია ჩართული, ზუსტად ისე იმუშავებთ, რომ გამოცდილებები იქნება გათვალისწინებული“, - აღნიშნა კოვზანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები