2025 წლის იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს რეგულაცია, რომელიც თანაბრად ეხება როგორც საბუღალტრო ფირმებს, ისე პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტრებს, აუდიტორებს და აუდიტორულ ფირმებს. ამას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს. ცვლილებები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს. შესაბამისი ბრძანების პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე 30 აპრილს გამოქვეყნდა.
წარმოდგენილი ცვლილებებით, ზემოთ აღნიშნულ ანგარიშვალდებულ პირებს 2025 წლის 1 იანვრიდან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წლიური ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება უჩნდებათ. ამ ანგარიშში მითითებული უნდა იყოს მათ შორის ინფორმაცია მათი კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ, კლიენტთა საქმიანობის სფეროს შესახებ, ასევე ინფორმაცია მათთან დადებული გარიგებების შესახებ.
როგორც ბუღალტერთა კლუბ "ფორუმის" დირექტორი bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარე ისეთი საკითხებია გასათვალისწინებელი, როგორიც არის მაგალითად, პოტენციური კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის და თავად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესები. სანამ კლიენტთან შევა ბუღალტერი ურთიერთობაში, კანონით მას ევალება შეისწავლოს ეს კლიენტი და მოიძიოს თითოეულ მის მფლობელზე ინფორმაცია. სწორედ ამ ნაწილში ხედავს სირთულეს სალომე ოდიშარია, თუ როგორ მოახერხებენ ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავებას მაგალითად პროფესიული მომსახურების გამწევი და სერტიფიცირებული ბუღალტრები.
“ეს გახლავთ 7 ფორმისგან შემდგარი ინფორმაციის წარდგენა ზედამხედველობის სამსახურში, რომელიც შეეხება როგორც საქმიანობის სფეროს აღწერას, ასევე თითოეულ კლიენტთან განხორციელებული ოპერაციის შინაარსს, გეოგრაფიულ არეალს, მაგალითად სად მოღვაწეობს ეს კლიენტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ვერიფიკაციის მომენტი, რაც საბოლოო ბენეფიციარამდე გასვლას ითვალისწინებს, ანუ როდესაც პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერს რომელიმე დამკვეთთან ექნება საქმიანი ურთიერთობა, შევა მასთან საქმიან გარიგებაში, აუცილებელი მოთხოვნა არის ის, რომ პროფესიული მომსახურების გამწევმა ბუღალტერმა მაგალითად დაადგინოს ამ კლიენტის ზემოთ არის თუ არა ვინმე.
სირთულეს რაც შეეხება, მარტივი არ არის ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი, აქ უკვე საჭირო ხდება “გამოძიების” ჩატარება, კონკრეტული პიროვნებების დადგენა, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა”,-აცხადებს სალომე ოდიშარია.
რისკის ზედამხედველობის ანგარიშების წარდგენის ვალდებულება არამხოლოდ საბუღალტრო ფირმებს და პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტრებს, არამედ აუდიტორებს და აუდიტორულ ფირმებსაც უჩნდებათ. "ნექსია ჯორჯიაში" ამბობენ, რომ იმ ინფორმაციის დამუშავება, რასაც ზედამხედველი მათგან ითხოვს, აუდიტორების შემთხვევაში სირთულესთან არ იქნება დაკავშირებული.
“ჩვენთვის, აუდიტორული კომპანიებისთვის მეთოდოლოგია გვავალდებულებდა კლიენტის აყვანის დროს ეს პროცედურა ისედაც გაგვევლო და საკმაოდ ღრმად შევისწავლიდით ამ ნაწილს და ამ პროცესში ჩართული არამხოლოდ აუდიტის გარიგების პარტნიორი და აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი იყო, არამედ იურისტებიც არიან ჩართულნი და იურისტები გადიოდნენ კლიენტის აყვანის პროცედურას და სწავლობდნენ კლიენტს, რამდენად იყო ეს კლიენტი შეზღუდვების ქვეშ, იყო ტერორიზმთან კავშირში და ა.შ
ამ პროცედურას აუდიტის სტანდარტიც გვავალდებულებს, იგივე ხარისხის მართვის სტანდარტი, რომ კლიენტის აყვანის პროცედურა ჩავატაროთ და შევისწავლოთ კლიენტი, თუმცა აქამდე არ გვქონდა კანონი და ახლა კანონის დონეზე ხდება ამის გაწერა. აუდიტორული კომპანიებისთვის ეს უფრო სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო კერძო ბუღალტრების შემთხვევაში ცოტა რთული იქნება ამ პროცედურების ჩატარება”,-აცხადებს ბორის მეგრელიშვილი, NEXIA Georgia-ს მმართველი პარტნიორი და ფინანსური აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელი.
საინტერესოა რა წინადადებები მიიღო და აპირებს თუ არა ბრძანების პროექტში მის გათვალისწინებას თავად ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც დამატებით განმარტებებს ამ საკითხზე ამ ეტაპზე არ აკეთებს. წინადადებების წარდგენისთვის კი დაინტერსებულ მხარეებს დრო 16 მაისამდე ჰქონდათ.
რაც შეეხება ანგარიშგებების წარდგენას, პროექტის მიხედვით, ეს პროცესი 2025 წლიდან ანგარიშვალდებული პირების შესაბამისი რეესტრებიდან ელექტრონულად უნდა განხორციელდეს.