2023 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 11%-ით გაიზარდა და მან 55.4 მილიონი ლარი შეადგინა. აუდიტორული საქმიანობით დაკავებულმა კომპანიებმა 2023 წლის შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინეს. სამსახურის მონაცემთა ბაზაში სულ 275 კომპანია არის რეგისტრირებული.
აუდიტორული კომპანიები შემოსავალს სხვადასხვა წყაროდან იღებენ. ესაა კლიენტებისთვის ფინანსური და იურიდიული კონსულტაციების გაწევა, აუდიტორული ანგარიშებისა და კვლევების მომზადება, საბუღალტრო სერვისის აუთსორსინგი და სხვა. თითოეული კომპანია ვალდებულია, რომ ყოველი წლის შემოსავლების შედეგები, რაც უშუალოდ აუდიტორულ საქმიანობას უკავშირდება, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეგულირების სამსახურს წარუდგინოს. სწორედ ამ მონაცემებს ეფუძნება აღნიშნული რეიტინგიც. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე შემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების სიის სათავეში საერთაშორისო ბრენდები დომინირებენ.
აუდიტორული კომპანიების მიერ აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები 2023 წელს:
# | აუდიტორული კომპანია | 2023 წლის ფინანსური შედეგები | შემოსავლების ზრდა/კლება 2022 წელთან |
1 | PWC საქართველო | 13,277,500 | 18% |
2 | EY საქართველო | 10,394,096 | -4% |
3 | KPMG საქართველო | 7,607,652 | -7% |
4 | BDO საქართველო | 6,175,421 | 6% |
5 | Deloitte საქართველო | 3,150,329 | 37% |
6 | Nexia საქართველო | 2,344,391 | 12% |
7 | ეკოვის ეი-თი-ეი ფინანსები | 2,332,969 | 36% |
8 | RSM საქართველო | 2,168,350 | 74% |
9 | Grant Thornton საქართველო | 1,957,054 | 61% |
10 | Baker Tilly საქართველო | 1,461,714 | 10% |
11 | Moore ABC | 1,281,726 | 4% |
12 | HLB Georgia | 894,867 | 57% |
13 | PKF Kaizen | 875,022 | 55% |
14 | მართვის საკონსულტაციო ჯგუფი | 867,677 | 13% |
15 | კრესტონ ჯორჯია | 834,488 | 29% |
აუდიტორული სექტორის სერვისზე მოთხოვნას ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმა უწყობს ხელს. კომპანიებს, რომლებიც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, საკუთარი ფინანსური ანგარიშების საჯაროდ გამოქვეყნების ვალდებულება ეკისრებათ. რეფორმის შედეგად, ასობით კომპანიამ – მსხვილმა თუ საშუალომ – საკუთარი წლიური შედეგები გაასაჯაროვა. ამან კი, თავის მხრივ, აუდიტორების მომსახურებაზე მოთხოვნა გაზარდა.