მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1 დეკემბრიდან არამეწარმე ფიზიკური პირებიდან პროდუქციის შესყიდვის აქტები ციფრული ხდება - ვის/რას ეხება?

შემოსავლების სამსახური

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტები ელექტრონული ხდება. ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, არა-მეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვისას მატერიალური ანუ ქაღალდის აქტების გამოწერა ელექტრონული დოკუმენტით ჩანაცვლდება.

შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ინსტრუქციის მიხედვით, ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის აქტი დოკუმენტია, რომელიც გამოიწერება, არაუგვიანეს საქონლის შესყიდვის ოპერაციის განხორციელების დღის, შესაბამისი თვის, მომდევნო თვის ბოლო რიცხვისა, ელექტრონულად, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.

შესყიდვის აქტის გამოწერის წესი არ ვრცელდება გარკვეული კატეგორიის შესყიდვებზე, მათ შორის საქონლის ისეთ შესყიდვებზე, რომელზედაც საკუთრების უფლება ექვემდებარება რეგისტრაციას. ასეთი კი შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და სხვა.

“შესყიდვის აქტის გამოწერის წესი არ ვრცელდება:

ა) ისეთ შესყიდვებზე, რომლებზეც საქონლის გამყიდველის მიერ, არაუგვიანეს შესყიდვის აქტის გამოწერისთვის დადგენილი ვადის გასვლამდე, მიწოდების ოპერაციაზე გამოწერილი იქნება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: სასაქონლო ზედნადები ან/და ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და საგადასახადო დოკუმენტი (სდ);

ბ) ფიზიკური პირებისგან ხე-ტყის შესყიდვის იმ ოპერაციებზე, რომლებზეც ვრცელდება №1 დანართით დამტკიცებული „ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ფორმა და წესი“;

გ) საქონლის ისეთ შესყიდვებზე, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საკუთრების უფლება ექვემდებარება რეგისტრაციას შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში (უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება და სხვა).

  1. შესყიდვის აქტის გამოწერის წესი ნებაყოფლობით (სურვილის შემთხვევაში) ვრცელდება:

ა) სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე პირებზე (მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირი/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი), რომლებიც შესაბამისი საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირებისგან განახორციელებენ საქონლის შესყიდვას;

ბ) დღგ-ის გადამხდელი ფიზიკური პირებისგან საქონლის შესყიდვაზე”,-ნათქვამია შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.

ინსტრუქციის მიხედვით, დოკუმენტის დადასტურება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც გამყიდველი ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი კოდით ვერიფიკაციის გზით, ისე ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან გამყიდველი ფიზიკური პირის მიერ დოკუმენტის დადასტურებით; ასევე გამყიდველი ფიზიკური პირის ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნილი ბმულით ვერიფიკაციის გზით.

შესყიდვის აქტის დადასტურება ან უარყოფა კი შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი ოპერაციის განხორციელების თვიდან მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

1 დეკემბრიდან ამოქმედდება ფიზიკური პირისგან საქონლის შესყიდვის ელექტრონული რეესტრი, რომელიც ელექტრონული დოკუმენტია. მასში ავტომატურად აისახება საქონლის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი დოკუმენტების მიხედვით.

აუდიტორების შეფასებით, განხორციელებული ცვლილებების შედეგად არამეწარმე ფიზიკურ პირების ნაწილს სავარაუდოდ გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია მოუწევთ და პროდუქციის რეალიზაციისას ისინი შესაძლოა, საშემოსავლო და დღგ-თი დაიბეგრონ. “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორის თქმით, თუ აქამდე ფიზიკური პირებისგან პროდუქციის შესყიდვის ცენტრალიზებული აღრიცხვა არ ხდებოდა, ახალი სისტემით შემოსავლების სამსახური დაინახავს, რა ბრუნვა აქვთ ფიზიკურ პირებს, რაც შესაძლოა, მათი საშემოსავლო გადასახადით და დღგ-თი დაბეგვრის საფუძველი გახდეს.

საგადასახადო ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი არამხოლოდ ფიზიკური პირების კონტროლი, არამედ იმ ბიზნესებისთვის პირობების გამკაცრებაა, რომლებიც არამეწარმე ფიზიკური პირებისგან საქონელს ყიდულობს. მათ მიმართ ელექტრონული შესყიდვის აქტების გამოსაწერად ჩამკეტ ვადად 2 თვეა განსაზღვრული, რაც “ლინოს” საგადასახადო ექსპერტისმ სალომე ოდიშარიას შეფასებით საკმაოდ მკაცრი ვადაა და კოდექსში სხვა პირველად დოკუმენტებზე მსგავსი მკაცრი ვადა არ არსებობს.

მისი თქმით, თუ კომპანია შესყიდვის ელექტრონულ დოკუმენტს დადგენილ ვადაში არ დააგენერირებს, გადახდილი თანხა უსაბუთო ხარჯად ჩაითვლება. ეს თანხა 15%-ით დაიბეგრება და კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები