BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ საზღვარგარეთიდან კადრების შემოყვანის კუთხით, რაც ბოლო პერიოდში ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა, გარკვეული რეგულირებაა საჭირო. ამის შესახებ მან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ BMG-ის განუცხადა.
ზურაბ ლალაზაშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ბიზნესის მთავარი პრობლემა სამუშაო ძალის ნაკლებობა და სპეციალისტებზე ხელმისაწვდომობა, რასაც BAG-ის წევრი კომპანიების 63% უჩივის. ეს კი ძალიან მაღალი მაჩვენებელია. BDO-ს მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ ბიზნესის სწორი განვითარებისთვის აუცილებელია მუშახელის შემოყვანამ ორგანიზებული სახე უნდა მიიღოს.
„ყველაზე მეტად ახლა განათლების სექტორზე კონცენტრაციაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა, რეგულირებადი მიგრაციის შემოღება, რომ ნორმებს დააწესებს - როგორ შეიძლება ამა თუ იმ ბიზნესმა მუშახელი მოიზიდოს და ეს მარტივად გასაკეთებელი იყოს. თუ ასე არ მოხდა, პროცესი ეკონომიკას შეაფერხებს, იმიტომ რომ ბიზნესს ახლა სჭირდება ზრდა. ძალიან კარგი ტენდენციებია, ბიზნესის კეთებისთვის გარემოც ხელსაყრელია და ეს ფაქტორები უნდა აღმოიფხვრას.
ერთი მხრივ ბევრმა ბიზნესმა არ იცის ორგანიზებულად ეს როგორ გააკეთოს[მუშახელი როგორ შემოიყვანოს], მეორე ის არის, რომ შეიძლება ინფორმაციის წარდგენის საჭიროება იყოს, ამ ხალხზე ნებართვების აღება და ა.შ. რაც ამ ყველაფერს გაამარტივებს. თუ ამ კადრების ჩამოყვანის გრძელვადიანი სტრატეგია გვაქვს, მაშინ მათი სხვადასხვა სისტემაში ჩართვა უნდა მოხდეს, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. - ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია. ამიტომ ამაზე უფრო მეტად ჩამოყალიბებული ხედვა უნდა გვქონდეს, რასაც შემდგომი 3-5 წლის განმავლობაში ვაპირებთ. ეს ბიზნესს ხელს შეუწყობს თვითონაც ჩამოყალიბდეს, როგორ მოიქცეს“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.