მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების რა მექანიზმებს ითვალისწინებს სურსათის ფასების შემცირებისთვის შემუშავებული კანონპროექტი?

63f377a51ceca
ვიქტორია მღებრიშვილი
20.02.23 17:53
793
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სურსათის ფასების დარეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტროს ახალი კანონპროექტის შემუშავება დაევალა. ირაკლი ღარიბაშვილმა რიტეილ სექტორში არსებულ საგადასახადო წესების შესახებ აღნიშნა, რომ მთავრობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ლეგიტიმური კითხვები აქვთ და ბიზნესთან შეხვედრები საკითხის გადაწყვეტამდე გაგრძელდება. მთავრობის მეთაურმა ისიც აღნიშნა, რომ ბიზნესის საქმიანობაში სახელმწიფოს უხეში ჩარევა მისი ხელწერა არ არის, ამიტომ მთავრობამ სურსათზე ფასების შემცირება ევროდირექტივაზე დაფუძნებული კანონპროექტით გადაწყვიტა.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საკანონმდებლო დონეზე ფასების რეგულირების დეტალებზე ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ კანონპროექტი, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ 2019 წლის 633-ე დირექტივის საფუძველზე მუშავდება. მან ის საკითხებიც დაასახელა, რომლებიც რეგულირებას დაექვემდებარება.

„სურსათის მიწოდების ჯაჭვი მრავალფეროვანია და სურსათის ბევრი სახეობა არსებობს ბაზარზე. ასევე ძალიან ბევრი იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი კომპანია გვყავს. მდგომარეობაში სიცხადის შესატანად დავინახეთ, რომ საჭიროა მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებობდეს საკანონმდებლო ინიციატივის სახით.

შევისწავლეთ ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა, ევროკავშირის სამართლიანი კონკურენციის შესახებ 2019 წლის 633-ე დირექტივა, რომლის საფუძველზეც მოვამზადეთ ძირითადი კანონპროექტი, რომელიც ბევრ საკითხს დაარეგულირებს და სამართლიან კონკურენციას უზრუნველყოფს, ასევე დარეგულირდება მიმწოდებლებისთვის გადახდის ვადები, მათ შორის შესვლის გადასახადის და მარკეტინგული ხარჯების პირობები, მარაგების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალედ გაზიარება, ე.წ. განმარტებითი რეტრობონუსების საკითხი, მარკეტინგული ხარჯების, უკან დასაბრუნებელი პროდუქტების საკითხი და სხვადასხვა. ყველაფერი ეს პირდაპირ კავშირშია მარჟებთან და პროცესების ოპტიმიზაციასთან. ახალი რეგულაციებით თვითონ ვაჭრობის სხვადასხვა რგოლი პროცესების მაქსიმალურად ოპტიმალურობაში იქნება დაინტერესებული და შესაბამისად ის გაზრდილი მარჟები, რომელიც დღეს როგორც წესი გადაზღვევის როლს ასრულებს, ამის საჭიროება აღარ იქნება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, რომ შემცირდეს დამატებითი მარჟები და მომხმარებელმა ოპტიმალურ ფასად მიიღოს პროდუქტი“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, კანონპროექტზე მუშაობის პარალელურად, შემოსავლების სამსახური და კონკურენციის სააგენტო იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან მუშაობენ.

„ჩვენ უახლოეს პერიოდში დავინახეთ, რომ ფასების კლება უკვე დაიწყო და შემცირება სასურსათო პროდუქტებზე უნდა გაგრძელდეს. ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა 10 შერჩეული პირველადი მოხმარების პროდუქტი, არ ვსაუბრობთ ბრენდირებულ პროდუქტებზე.ვიდრე კანონი ძალაში შევა, სურსათზე ფასების კლების კუთხით ველით დადებითი ტენდენციას. როგორც პრემიერ მინისტრმა განაცხადა, ეს ფასები სისტემურად დარეგულირდება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციები გვაქვს გათვალისწინებული კანონპროექტში, რომლის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო კონკურენციის სააგენტო იქნება და ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად უფრო ცივილიზებულ სასურსათო და პირველადი მოხმარების ბაზარს მივიღებთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

BM.GE-ს კითხვაზე - რომელი ქვეყნის პრინციპებს გაიზიარებს საქართველო იმპორტიორი და რიტეილ სექტორის რეგულირებისას, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროდირექტივის პრინციპებს გაითვალისწინებს და საკუთარ კანონპროექტს შექმნის.

„ჩვენი დირექტივა ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანა ამ დირექტივის აღსრულებას ინდივიდუალურად ახდენს, ევროკავშირის უნიფიცირებული კანონმდებლობა არ არსებობს. დირექტივა განსაზღვრავს პრინციპებს - რა და როგორ უნდა დარეგულირდეს. ჩვენი კანონი საქართველოს პირობებს იქნება მორგებული და საქართველოს კონკრეტიკა და პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული, თუმცა ძირითადი პრინციპები სრულად ევროდირექტივის შესაბამისი იქნება. რომელიმე ქვეყნის კანონის კოპირებას და გადმოთარგმნას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ხოლო კითხვაზე - სურსათის რეალიზებისას რომელ რგოლში დაინახეს „არაგონივრული მარჟები“, როგორც ეს პრემიერმა განაცხადა, ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მოვლენებს არ გაუსწრებს.

„ჩვენ გვექნება დარგთან მსჯელობა. გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გავუზიარეთ მოსაზრებები კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში ვიმუშავებთ ამ საკითხზე და 2-3 კვირის ვადაში ვფიქრობთ, მოვისმენთ მათი მხრიდან კომენტარებს, ისე რომ კერძო სექტორთან პრინციპები იყოს შეჯერებული. ერთი მხრივ შემოგვაქვს რეგულაცია, რომელიც მომხმარებელთა ინტერესებს იცავს, თუმცა მეორე მხრივ ასევე სამართლიანი რომ იყოს ჩვენი პოლიტიკის გადაწყვეტილება და ბიზნესი არ დაზიანდეს, ჩვენ ამ კანონმდებლობას მივიღებთ და ეს ჩვენ გეგმაა. გვინდა, რომ ამ კანონის მიღება დაჩქარებულად საგაზაფხულო სესიის ფარგებში მოვასწროთ.

დიალოგის პროცესში ვფიქრობთ ბევრ საინტერესო მოსაზრებას მოვისმენთ და გავითვალისწინებთ საკანონმდებლო პროცესში.

რაც შეეხება არაგონივრულ მარჟებს, ჩვენი მოსაზრებები გაგვაჩნია, არ გვინდა მოვლენებს გავუსწროთ და დავასახელოთ კონკრეტული რგოლები. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამუშაო პროცესი საკანონმდებლო პროცესის პარალელურად გაგრძელდება“, - განმარტა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები