მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულირების სააგენტოს კლინიკის შემოწმება სასამართლო ნებართვის გარეშე შეეძლება - სამინისტროს პოზიცია

6483136f99148
BM.GE
09.06.23 15:56
1089
საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო რეგულირების სააგენტოს კლინიკაში, შესამომწმებლად შესვლა სასამართლოს ნებართვის გარეშე შეეძლება. საკითხი უკვე განხილულია ორი წლის წინ, თუმცა მაშინ ცვლილებები არ მიიღეს. როგორც ჩანს, პარლამენტი ახლა ამ საკითხს მიუბრუნდა. ცვლილებები შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში.

„სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებების შემოწმებისას აუცილებელია დროული და დაუყოვნებლივი მოქმედება“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება განპირობებულია გამოწვევების საპასუხოდ და მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

ცვლილების ამოქმედების შემთხვევაში, გაძლიერდება მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები. კერძოდ, მას მიენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის დათვალიერება, დალუქვა და სხვა.

„პაციენტი მომართავს რეგულირების სააგენტოს განცხადებით/საჩივრით, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტო დაუყოვნებლივ რეაგირებას ვერ ახდენს. ამასთან დაკავშირებით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც 72 საათის განმავლობაში განიხილავს შუამდგომლობას და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის მხარესაც.

ეს გარკვეულ წილად აფერხებს რეგულირების სააგენტოს დროულ და ოპერატიულ საქმიანობას. პაციენტის ინტერესების დასაცავად და საჩივარზე დროული რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების სააგენტოს ჰქონდეს, მომხდარ ფაქტებზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა.

ცვლილებებიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს შეეძლება, მიმწოდებელ დაწესებულებას მიმართოს, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება მოახდინოს, ნებისმიერი მასალა ამოიღოს, ეს იქნება სამედიცინო დოკუმენტაციის დალუქვა, ექიმებისგან განმარტებების მიღება და ა.შ. ეს სააგენტოს საქმიანობას ძალიან ეფექტიანს გახდის და, რაც მთავარია, პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

მეორე საკითხია ის, რომ როცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაწესებულებები დიდ თანხებს იღებენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლი ხდება.
ძალიან დიდი ჯარიმებია.

გამომდინარე მუშაობის მოცულობიდან, დოკუმენტაციის წარმოებიდან, შესაძლოა, საჯარიმო სანქციის ამოღება დიდი ხნის განმავლობაში გახანგრძლივდეს. მხარე სასამართლოში შედის, ადმინისტრაციული საჩივრის დონეზე ჯერ რეგულირების სააგენტოში ასაჩივრებს, შემდეგ უკვე განხილვა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ხდება. ეს ყველაფერი დროში ხანგრძლივდება, შეიძლება, 4-5 წელი გახანგრძლივდეს, რაც არაეფექტურია. ამიტომ, ამ საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულება უნდა მოხდეს. ეს რეგულაციები პრაქტიკაში უკვე დანერგილია.

რეგულაციები აქვს ყველას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შრომის ინსპექციას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მაშინ, როცა საქმე პაციენტის სიცოცხლეს ეხება“,-განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

მისივე განმარტებით, ცვლილებები შეეხება საჯარიმო სანქციის ოდენობებსაც.

„იზრდება საჯარიმო სანქციებიც, როგორც სანებართვო და სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისე უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ასევე რეგულირების სააგენტოს ექნება ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების შესაძლებლობა“,-განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები