მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

REIT-ები საცალო ინვესტორებს ინვესტირებისთვის დეპოზიტის ალტერნატივას გაუჩენს - ირაკლი მელაშვილი

644fe6abcabfb
თელარა გელანტია
01.05.23 21:30
1037
კომპანია "ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველი პარტნიორის ირაკლი ელაშვილის შეფასებით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების/ტრასტების (REIT)-ის შექმნა საცალო ინვესტორებს ინვესტირებისთვის დეპოზიტის ალტერნატივას გაუჩენს.

ამის შესახებ მან BMG-ის USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტების იგივე ფონდების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის შედეგების პრეზენტაციისას განუცხადა.

უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტებს/ფონდებს საინვესტიციო ფონდის მსგავსი სტრუქტურა აქვს და ინვესტირებას ახორციელებს, ძირითადად, უძრავ ქონებაში - იქნება ეს ოფისები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, ბინები, ჯანდაცვა და სხვა, რითაც ინვესტორთა ფართო წრისთვის უძრავი ქონების ხელმისაწვდომობასა და პორტფელის დივერსიფიცირების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. REIT-ების ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც - ინსტიტუციონალური, ისე ინდივიდუალური ინვესტორები ანუ ფიზიკური პირები. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ REIT-ების დიდი ნაწილი საფონდო ბირჟებზეა დალისტული.

კომპანია „ალფა კაპიტალ ედვაიზორის" მმართველი პარტნიორის თქმით, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდები საინტერესო ინსტრუმენტია, მაგრამ იმისთვის, რომ მიმზიდველი იყოს, საჭიროა შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები.

„REIT-ის ძირითადი მიმზიდველი ფაქტორი არის ის, რომ საცალო ინვესტორი თავისი დანაზოგის უძრავ ქონებაში ინვესტირებას შეძლებს - ეს შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო თუ კომერციული უძრავი ქონება. ასეთი ფონდების არსებობის შემთხვევაში, შენ არ დაგჭირდება კომერციული უძრავი ქონების ან ბინის შეძენა - შედარებით პატარა ინვესტიციით შეგიძლია რეალური აქტივის ფლობა, რამდენადაც ეს ფონდი გამოუშვებს აქციებს, რომელიც გაიყიდება.

ამდენად, უშუალოდ ინვესტორებისთვის ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა და რეფორმა, რომელიც საცალო ინვესტორებს ინვესტირებისთვის დეპოზიტის ალტერნატივას გაუჩენს და დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს ანუ თავისი ქონების თუ დანაზოგის ნაწილის ინვესტირება უძრავ ქონებაში მოახდინოს. მთავარია, როგორი იქნება საგადასახადო რეჟიმი, რაც ამ ბაზარს უფრო სწრაფად განვითარების პერსპექტივას გაუჩენს. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული კვლევაშიც აღნიშნულია, რომ შეიქმნება დამატებითი ეკონომიკური დოვლათი. კერძოდ, 10 წლის განმავლობაში 2 მლრდ ლარზე მეტი შემოსავალი გაჩნდება ქვეყანაში და REIT-ის მიერ შექმნილი მთლიანი პროდუქტის (პირდაპირი და არაპირდაპირი) მოსალოდნელი წილი მშპ-ში 0.44%-დან 4.2%-მდე გაიზრდება მომდევნო 10 წლის მანძილზე“, - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ძირითადი საგადასახადო შეღავათების შესახებ ჯერ ცნობილი არაა.

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში, ოპერაციების კვლევის ინსტიტუტის მიერ უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ხარჯ-სარგებლიანობის კვლევაში მოცემულია პოლიტიკის ორი ალტერნატივა - როგორც მოქმედი, ისე შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმები:

პოლიტიკის ალტერნატივა 1 - არსებული საგადასახადო რეჟიმი -  REIT იქმნება არსებული საგადასახადო რეჟიმის ცვლილების გარეშე

პოლიტიკის ალტერნატივა 2 - შემოთავაზებული საგადასახადო რეჟიმი -  REIT იქმნება არსებული საგადასახადო რეჟიმის ცვლილების ფონზე 

მიღებული მოგების განაწილება (დივიდენდის სახით) იცვლება:  რეზიდენტი ფიზიკური პირისთვის 15%-დან 5%-მდე;
არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის 15%-დან 0%-მდე. არარეზიდენტი იურიდიული პირისთვის - 15%-დან 0%-მდე.

როგორც კვლევის პრეზენტაციაზე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, მარეგულირებელი კერძო სექტორთან კომუნიკაციას გააგრძელებს. „ასე მივალთ ოპტიმალურ მოდელამდე“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები