მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მცხოვრებლები საახალწლო შვებულებას მოგზაურობაში ატარებენ და დღესასწაულებს საზღვრებს გარეთ ხვდებიან. მსგავსი მოგზაურობები თვეებით ადრე იგეგმება. სასურველი მიმართულების შერჩევისას კი მომხმარებელი ფასებს, კონკრეტულ ქალაქში არსებულ საახალწლო გარემოს, ფრენების მოქნილობას და სხვა ფაქტორებს ითვალისწინებს.
სადღესასწაულო მოგზაურობაზე უარს არც ქართველი დამსვენებელი ამბობს. როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ქართველები მოგზაურობას 25 დეკემბრის პერიოდში ამჯობინებენ, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში გამორჩეულ საშობაო განწყობას ე.წ საშობაო მარკეტები და კონკრეტულ ქალაქებში არსებული დეკორაცია ქმნის.
ტურისტული კომპანია „ჩექინ-თრეველის“ დირექტორი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ახალი წლის პერიოდში განსაკუთებით მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა ჩეხეთის, ავსტრიის და უნგრეთის მიმართულებით.
ლევან ოსეფაიშვილის თქმით, ქართველი დამსვენებლისგან წელს რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა მალდივების მიმართულებით.
„ქართველი დამსვენებლის მხრიდან ახალი წლის პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი იყო ევროპა, სადაც ე.წ Christmas მარკეტები აქტიურია. ასეთ ქვეყნებს შორის არის: ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი, ასევე თბილი ქვეყნები. 2023 წლის დეკემბერი იყო რეკორდული მალდივების მიმართულებით. უამრავი დამსვენებელი გვყავდა, რომლებსაც სურდათ ახალი წელი მალდივებზე გაეტარებინათ.
აღსანიშნავია, რომ კოვიდის პერიოდის შემდეგ, გარე ტურებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. „მკვდარი თვე“ აღარ არსებობს, ყველა სეზონი იმავე შედეგებზე გადის დასვენების მხრივ როგორზეც ზაფხული“ - აღნიშნავს „ჩექინ თრეველის“ დირექტორი.
ლევან ოსეფაიშვილი გაზაფხული - ზაფხულის სამზადისზე საუბრობს და როგორც ამბობს, წინასწარი ჯავშნები უკვე დაწყებულია. მოთხოვნად მიმართულებებს შორის კი თურქეთი და ეგვიპტეა.
„გაზაფხული-ზაფხული პერიოდში დაწყებულია ჯავშნები ეგვიპტის მიმართულებით. ასევე თურქეთის, ანტალიის მიმართულებითაც. პირველადი მონაცემები, რაც გვაქვს იქნება ფასთა მატება, თუმცა მიზერული. კრუიზებიც აქტიურად იჯავშნება, აპრილი მაისის პერიოდზე“, - ამბობს ის.